გოლის გატანასთან ახლოს იყო | პუშიჩმა აზაროვი სასტარტოში ათამაშა
უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურში ლვოვის „კარპატისა’’ და დონეცკის „შახტარის’’ შეხვედრა 0:0 დასრულდა. ირაკლი აზაროვი „შახტარის’’ სასტარტო 11-ეულს დაუბრუნდა, მე-80 წუთზე შეცვალეს. აზაროვის დღევანდელი თამაშიდან ორი მომენტია გამოსარჩევი, პირველ ტაიმში სახიფათო დარტყმა შეასრულა, ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს და მეორე ტაიმში თანაგუნდელის მისამართით კარგი პასი გააკეთა, შეტევა გაამწვავა.
„შახტარის'' მთავარი მწვრთნელი მარინო პუშიჩი მარცხენა მცველის პოზიციაზე უპირატესობას ბრაზილიელ პედრო ენრიკეს ანიჭებს. სეზონის პირველ ნახევარშიც ასე იყო და ვითარება არც ახლა შეცვლილა.
ზამთრის სანაკრებო პაუზის შემდეგ „შახტარმა’’ უკრაინის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა. მე-18 ტურში ლევნის „ბერეგთან’’ აზაროვი სასტარტოში იყო, შესვენებისას პედრო ენრიკემ შეცვალა. მე-19 და მე-20 ტურში ბრაზილიელმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, აზაროვი სკამზე იყო, დღევანდელი მატჩი ენრიკემ დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა, ყვითელი ბარათები დაუგროვდა და პუშიჩმა აზაროვი დააყენა. მოკლედ, ირაკლის „შახტარში'' რეგულარული სათამაშო დრო არ აქვს და ეს პრობლემაა. ასეთ ვითარებაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ნაკლებად მოსალოდნელია. მით უმეტეს, რომ ორი მარცხენა „ვინგბექი'' კარგ ფორმაშია. ვგულისხმობ ლევან შენგელიასა და გიორგი წიტაიშვილს.