სიმეონე: “მხოლოდ ღმერთმა იცის, რა მოხდება ხვალ“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის ატლეტიკო მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სიმეონე:
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ფეხბურთს განსხვავებული სცენარები აქვს. ხვალ დაცვაში რთული მომენტები გვექნება, მაგრამ კარგიც აუცილებლად მოხდება. რეალს უპირატესობა აქვს და ამ დაპირისპირებაში წონასწორობა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. ხარისხი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მათ უსიტყვოდ ვენდობი. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა.
ამ მატჩს საკუთარ მოედანზე ვმართავთ. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ მატჩის მოგებას მხოლოდ იმის მიხედვით არ ვაპირებთ, რაც ტრიბუნებზე ხდება. როგორ შევაჩერებთ რეალს? ჩვენ კოლექტიური გუნდი ვართ, რომელსაც ბევრი ვარიანტით შეუძლია თამაში. პრესინგი, დაცვაში ჩადგომა, ბურთის ფლობა..
სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებით. გულშემატკივრები დაუვიწყარ ემოციებს გვაძლევენ. პენალტები? ამისთვის არ ვემზადებით, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს. დარწმუნებული ვარ, გრიზმანს დიდებული მატჩი ექნება. ორივე გუნდი საუკეთესოდ მოამზადა. ერთადერთი, ვინც ზუსტად იცის, რა მოხდება, ღმერთია.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მერვედფინალური დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გაიმართა და მადრიდის რეალმა 2:1 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.