სახო: “საქართველოში ცხოვრება მომწონს, სწორი არჩევანი გავაკეთე“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში ლივერპული პარი სენ ჟერმენს მასპინძლობს.
მატჩის წინ, ინგლისური და ფრანგული გრანდების ყოფილმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ, რომელიც ახლა ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავს, ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.
სახო:
„ამ ლამაზ თამაშს საქართველოში ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურებ. რა თქმა უნდა, ეს მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან პარიზი ჩემი მშობლიური ქალაქია. ჩემს ისტორიას ვერ შევცვლი, რადგან პარიზში დავიბადე. მიუხედავად ამისა, ჩემს ცხოვრებაში ლივერპულიც განსაკუთრებული იყო. ამ გუნდის გულშემატკივრებთან საოცარი კავშირი მქონდა და იქაურობა ჩემი მეორე სახლი იყო.
აქედან გამომდინარე, ორივე გუნდს საუკეთესოს ვუსურვებ. მხარეს ვერ ავირჩევ, რადგან სანახევროდ ორივეს ვგულშემატკივრობ. ცხადია, პირველი თამაში ყველამ ნახა და ვფიქრობ, რომ პსჟ-ს უამრავი მომენტი ჰქონდა. მათმა მეკარემ გუნდი არაერთხელ გადაარჩინა, მაგრამ საბოლოოდ ლივერპულმა მოიგო. ყველა თამაშის შემდეგ, მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა. ყველამ დაინახა პარიზელთა ხარისხი, თუმცა ვფიქრობ, ლივერპულს არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ხარისხი ეჩვენებინა.
ვიცოდი, რომ ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნებოდა და ვფიქრობ, ენფილდზე კიდევ უფრო რთული იქნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ენფილდს განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს. გულშემატკივრებთან კავშირი ძალიან ძლიერია. პსჟ-ს გაუჭირდება. მათ ეს მატჩი მუდამ ემახსოვრებათ..
საქართველო? რა თქმა უნდა, მე ძალიან მსიამოვნებს ამ ქვეყანაში ცხოვრება. გასულ ზაფხულში შემოთავაზებები მქონდა ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან, მაგრამ საქართველო ყველაზე კარგი ვარიანტი გამოდგა. აქ გადმოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩემი ოჯახი ჩამოვიდა და ისინი მოხიბლულები დარჩნენ. ნახეს ისეთი საერთაშორისო სკოლა, როგორიც არასდროს მინახავს. აქ ლამაზი ქალაქებია. საქართველოს ზღვის და სათხილამურო კურორტებიც აქვს. ჩემს ასაკში მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ ჩემი ოჯახი თავს კარგად გრძნობს. ამის გარდა, ქუთაისის ტორპედოს პროექტმაც დამაინტერესა. ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ მამადუ სახო პარი სენ ჟერმენის ღირსებას 2007/2013 წლებში იცავდა, ხოლო ლივერპულში 2013/2017 წლებში თამაშობდა. ქუთაისის ტორპედოში კი 2024 წლიდან გამოდის.