„საჭიროა პიროვნების იდენტიფიკაცია“ - სომხეთში საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოსთან მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
განცხადებიდან ვიგებთ, რომ ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სპეციალური შეზღუდვა იმოქმედებს. ასევე, ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გაიყიდება.
„მატჩზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი დღეიდან გახდა. გაყიდვა დილის საათებში დაიწყო.
სომხეთის ნაკრების ამ თამაშის, ისევე როგორც ყველა მომდევნო მატჩის ბილეთები ხელმისაწვდომი მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე იქნება და ფიზიკური ბილეთები არ გაიყიდება.
თითოეულ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.
შეძენის შემდეგ, მომხმარებელი პირად ბილეთს FFA.am-ის პირად ანგარიშზე იხილავს, მაგრამ QR კოდები მხოლოდ თამაშის დღეს, დილის 9 საათიდან გააქტიურდება.
ასევე, გაცნობებთ, რომ ბილეთების შესაძენად საჭირო იქნება პასპორტის მოწმობა, რომელიც FFA.am-ზე უნდა მიუთითოთ. საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანის შემდეგ უნდა დაელოდოთ თქვენი პიროვნების დადასტურებას.
რამდენიმე დღის წინ, ფან-კლუბმა განცხადება გაავრცელა, თუმცა, არც ერთ მათგანს ბილეთების თაობაზე ფედერაციისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. სტადიონის ტრიბუნებზე, ფან-კლუბებისთვის დაჯავშნილი ადგილები და მათთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა წინა შეხვედრებთან შედარებით კვლავ უცვლელი და ხელშეუხებელია. ყველას მოვუწოდებთ, რომ ეროვნული ნაკრების თამაშების წინ მსგავსი მანიპულაციები არ გამოიყენონ“.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს B ლიგის პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი ერევანში 20 მარტს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი თბილისში, დინამო არენაზე 23 მარტს ჩატარდება.