„აპირებენ, რომ ჩვენი ბილეთებიც ქართველებზე გაყიდონ“ - სომეხი ფანები ფედერაციის წინააღმდეგ
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მოახლოებულ თამაშზე სომხეთში აჟიოტაჟი არ წყდება და ამჯერად, სომეხი გულშემატკივრები ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციას მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის გამო დაუპირისპირდნენ.
სომხეთის ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთების გაყიდვას უსამართლო გზით ახდენს და დიდი შანსია, რომ 20 მარტს თამაშზე ქართველი გულშემატკივარი გაცილებით დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, ვიდრე სომეხი გულშემატკივრები.
რა წერია ფანკლუბის განცხადებაში:
„სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დიდი პროვოკაციის ბინძურ გზას ადგას. ეს პირები ცდილობენ, რომ სომხეთის ფანკლუბისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა ქართულ მხარეზე მოახდინონ, რითაც აპირებენ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დიდი ვაჭრობის საგნად აქციონ. ამ წუთებშიც, სტადიონის სალაროებში იძახიან, რომ გულშემატკივართა გაერთიანების ბილეთების ბედი უცნობია.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან კონტაქტის შემდეგ ირკვევა, რომ ქართველებმა სტუმრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რაოდენობა, რომელიც 900 ბილეთს შეადგენს, სრულად აითვისეს. ასევე, მათი ტრიბუნის გარშემო მათ 1500-ზე მეტი ადგილი დაიკავეს და ამავდროულად, ერევნის თამაშისთვის შავ ბაზარზე კიდევ რამდენიმე ათასი ბილეთის მოთხოვნა აქვთ.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სტადიონზე მეტოქე გუნდის გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება, რის გამოც, ჩვენი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში თავისი გულშემატკივრების მხარდაჭერას ვერ იგრძნობენ. თუ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივართა მოძრაობას ბილეთებს არ მიაწვდის, ისინი ამით ყველა წითელ ხაზს გადაკვეთენ და ეროვნულ ნაკრებს ყველაფრისთვის გაწირავს.
„თუ FFA გადაწყვეტს, ნაწილობრივ ან მთლიანად ამოიღოს გულშემატკივართა მოძრაობის სექციების ბილეთები თავისუფალი გაყიდვიდან, საქართველოს წინააღმდეგ თამაშის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება FFA-ს ხელმძღვანელობას“.
ბილეთებთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
„მატჩზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი დღეიდან გახდა. გაყიდვა დილის საათებში დაიწყო.
სომხეთის ნაკრების ამ თამაშის, ისევე როგორც ყველა მომდევნო მატჩის ბილეთები ხელმისაწვდომი მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე იქნება და ფიზიკური ბილეთები არ გაიყიდება.
თითოეულ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.
შეძენის შემდეგ, მომხმარებელი პირად ბილეთს FFA.am-ის პირად ანგარიშზე იხილავს, მაგრამ QR კოდები მხოლოდ თამაშის დღეს, დილის 9 საათიდან გააქტიურდება.
ასევე, გაცნობებთ, რომ ბილეთების შესაძენად საჭირო იქნება პასპორტის მოწმობა, რომელიც FFA.am-ზე უნდა მიუთითოთ. საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანის შემდეგ უნდა დაელოდოთ თქვენი პიროვნების დადასტურებას.
რამდენიმე დღის წინ, ფან-კლუბმა განცხადება გაავრცელა, თუმცა, არც ერთ მათგანს ბილეთების თაობაზე ფედერაციისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. სტადიონის ტრიბუნებზე, ფან-კლუბებისთვის დაჯავშნილი ადგილები და მათთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა წინა შეხვედრებთან შედარებით კვლავ უცვლელი და ხელშეუხებელია. ყველას მოვუწოდებთ, რომ ეროვნული ნაკრების თამაშების წინ მსგავსი მანიპულაციები არ გამოიყენონ“.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი (FAF) რამდენიმე თვეა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, ეს ყველაფერი კი ეროვნული ნაკრები არადამაკმაყოფილებელი შედეგებით არის გამოწვეული.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს B ლიგის პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი ერევანში 20 მარტს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი თბილისში, დინამო არენაზე 23 მარტს ჩატარდება.