კვარადონას წარმატების საიდუმლო | რას ამბობს დევიდ უები Daily Mail-თან
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა და ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა. „უებმა“ დაასახელა მიზეზები, რამაც მისი აზრით, „კვარადონას“ წარმატება განაპირობა.
ხასიათი
როცა საქართველოს ნაკრებს შევუერთდი, ჩემს მოვალეობებში ფეხბურთელებთან პირისპირ შეხვედრაც შედიოდა და კვარამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ძალიან თავმდაბალია და ვერასდროს მიხვდებით, რომ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. გარეტ ბეილს ჰგავს, როცა ის უელსის ნაკრებში იყო ხოლმე გამოძახებული. კვარაცხელია სუპერვარსკვლავია, რომელიც სუპერვარსკვლავივით არ იქცევა. იგი თანაგუნდელებს შესანიშნავად უგებს და მოსამზადებელი ეტაპით სიამოვნებას იღებს, იცინის და ბევრს ხუმრობს. ხვიჩა მეოჯახეა, მეუღლე და შვილი ჰყავს და დიდი პატრიოტია, საქართველო ძალიან უყვარს.
დამოკიდებულება
კვარაცხელიას აქვს ის, რითაც ყველა ელიტარული დონის ფეხბურთელი გამოირჩევა. საუბარი მაქვს იმაზე, რომ მას უნდა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს. ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საფეხბურთო გონება აქვს. როცა შეხვედრებისას ტაქტიკაზე ვსაუბრობთ, მან წინასწარ იცის, მეტოქე გუნდის რომელი ფეხბურთელი აიყვანს. საქართველოს ნაკრებში ჩუმი ჯგუფი გვყავს და გუნდური შეხვედრებისას შეკითხვებს მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი სვამს, კვარაცხელია კი ყოველთვის ერთ-ერთი მათგანია. ყოველთვის სურს, მოწინააღმდეგე გუნდსა და ფეხბურთელებზე უფრო მეტი იცოდეს.
სამუშაო ეთიკა
ამ ბიჭს სავარჯიშო მოედნიდან ვერ გაიყვან. სულ უნდა, დამატებით, დარტყმებზე, შეტევების დაგვირგვინებაზე, ჯარიმებზე ან მეტოქესთან პირისპირ თამაშის გაუმჯობესებაზე ივარჯიშოს. ყოველთვის გვყავს ვიღაც, ვინც ვარჯიშის შემდეგ, დამატებით 10-15 წუთით მოედანზე ხვიჩასთან ერთად რჩება. თუმცა, ვიცით, რომ მასთან მიმართებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო და ზედმეტად არ უნდა დავტვირთოთ. ასეთი ქმედებები და დამოკიდებულება ახალგაზრდა თაობისთვის იდეალური მაგალითია.
უნარები
მართალია, მემარჯვენეა, მაგრამ ძალიან სახიფათო მოთამაშედ აქცევს ის, რომ ორივე ფეხით ურტყამს. შეუძლია, ფლანგზე ან 9 ნომერზე ითამაშოს, რის გამოც, პარი სენ-ჟერმენის მოძრავი თავდასხმის ხაზი მისთვის იდეალურია. საქართველოში, მას 3-5-2 სისტემაში 9 ნომერზე ვიყენებთ, მაგრამ თავისუფლება აქვს და შეუძლია, ყველა პოზიცია მოირგოს, რაც მას მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე გადასვლის საშუალებას აძლევს.
ათლეტურობა
გამხდარია, მაგრამ ფიზიკურად ძლიერია. გვითამაშია გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ფეხებში ურტყამდნენ, რათა მოედანი დაეტოვებინა და იძულებული ვხდებოდით, გაგვეყვანა. ოღონდ იმიტომ, რომ დაგვეცვა. მისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელია და მომატყუებელი სისხარტე აქვს. უბრალოდ შეხედეთ, ბურთთან ერთად როგორ ჩქარდება და მიხვდებით, რაზეა საუბარი. მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ უთამაშია, განსაკუთრებით სერია A-ში, მაგრამ ძალა და ტანის ძლიერი ზედა ნაწილი საშუალებას აძლევს, მათ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს“.
ცნობისთვის, კვარაცხელიას თამაშს რამდენიმე საათში ვიხილავთ და ხვიჩას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. პსჟ-ს პირველი თამაში 0:1 აქვს წაგებული და „ენფილდზე“ გამარჯვება ესაჭიროება.