ქოჩორა შესაძლო ტრანსფერზე - „ძალიან მშვიდი და ბედნიერი ვარ“
ესპანური „ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა „კარტახენასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.
ქოჩორაშვილის თქმით, ის შესაძლო ტრანსფერზე არ ფიქრობს და „ლევანტეს“ წინაშე დასახული მიზნების შესრულებაზეა კონცენტრირებული.
რა თქვა ქოჩორამ:
„მომავალი? ძალიან მშვიდი და ბედნიერი ვარ. ინტერვიუებში ყოველთვის ვამბობ, რომ აწმყოზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, იმიტომ რომ თუ მომავალზე დაიწყებ ფიქრს, დღევანდელობას მოწყდები და გამოტოვებ ყველაფერს, რაც ახლა ხდება. ჩემი თანაგუნდელებიც კარგად თამაშობენ და მათ გარშემოც ბევრი სიახლე იქნება, თუმცა ერთმანეთს აწმყოზე კონცენტრირებაში უნდა დავეხმაროთ. მე აქ ვარ და ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პორტუგალიური მედია ქოჩორაშვილის მიმართ ლისაბონის „სპორტინგის“ ინტერესზე წერდა. გამოცემა Record-ი იტყობინებოდა, რომ „ლომებმა“ „ლევანტესთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და ზაფხულში ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ გრანდს შეუერთდება. ოფიციალურ დონეზე ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში „ბაყაყების“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა და ლიდერ „მირანდესს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, ლა ლიგის პირდაპირ საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, კიდევ ერთი საგზური კი 3-6-ადგილოსან გუნდებს შორის გათამაშდება.