ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როცა 19 წლის იყო, ბრაიტონი აკვირდებოდა | რატომ თქვეს თოლიებმა უარი კვარაზე

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა. Daily Mail-ის მიხედვით, როცა „კვარა“ 19 წლის იყო და „რუბინში“ თამაშობდა, იგი „ბრაიტონის“ ყურადღების ცენტრში მოექცა და „თოლიები“ ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი სხვა ფეხბურთელზე შეაჩერეს.

„2020 წლის ზაფხულში, ბრაიტონის სკაუტინგის დეპარტამენტში მომუშავე პერსონალს შორის, აღელვება იგრძნობოდა. თოლიების მფლობელის, ტონი ბლუმის მიერ შემუშავებული სკაუტინგის მექანიზმი მთელი მსოფლიოსთვის შესაშური გახლდათ და ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ბრაიტონმა შეძლო და მოიზეს კაისედოს, ალექსის მაკ ალისტერისა და მარკ კუკურელიას მსგავსი ფეხბურთელები იაფად შეეძინა და დიდ თანხად გაეყიდა.

ბლუმის ალგორითმი, რომელიც პერსპექტიული მოთამაშეების პოვნაზე იყო ორიენტირებული, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გახლდათ და იყო მომენტი, როცა მან ყურადღება რუბინში მოთამაშე 19 წლის ქართველ გარემარბზე შეაჩერა. მისი სახელი და გვარი? ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ახლახან ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა და ლივერპულისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

საბოლოოდ, ბრაიტონმა კვარაცხელიასადმი ინტერესი ბოლომდე არ მიიყვანა და მსგავს პოზიციაზე მოთამაშე სხვა ფეხბურთელი აირჩია. მათ იაპონიის J ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელი იპოვეს, რომლის ყიდვაც 2.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეეძლოთ. 2021 წელს, ბრაიტონმა კაორუ მიტომა შეიძინა და ეს ტრანსფერი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიტომა 27 წლის იაპონელი გარემარბია და Transfermarkt-ზე მისი ფასი 45 მილიონი ევროა, კვარაცხელია კი 85 მილიონად არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ ალისონის იმედზე ვერ ვიქნებით“ - რობერტსონი პარიზელებთან მატჩის წინ
„ისევ ალისონის იმედზე ვერ ვიქნებით“ - რობერტსონი პარიზელებთან მატჩის წინ