„მანჩესტერს წლის ბოლოსთვის გაკოტრება ემუქრებოდა“ - ჯიმ რეტკლიფი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა BBC Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და კლუბში მოსვლიდან გასული ერთი წელი შეაჯამა.
ერიკ ტენ ჰაგზე: მისი შენარჩუნება, ზაფხულში ტრანსფერებზე 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვა, შემდეგ კი ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლება და კომპენსაციის სახით 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა შეცდომა იყო. ამას თან ახლდა გარკვეული ნიუანსები, მაგრამ მაინც ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. კლუბში გადაწყვეტილებას ერთი კაცი არ იღებს. მენეჯმენტი ახალი დაკომპლექტებული იყო, ასე რომ მოკლე დროში მწვრთნელის გათავისუფლება ადვილი გადაწყვეტილება არ იყო.
ამორიმზე: იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიელი შუა სეზონში მოვიდა, ვფიქრობ, ის შესანიშნავად მუშაობს. ყველა მისგან სასწაულებს ელოდება, მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება. „არსენალთან“ მატჩი შთამბეჭდავი იყო, გუნდი ძალიან მიზანდასახულია - შეხედეთ, ვინ ზის სათადარიგოთა სკამზე, ბევრ მათგანს არავინ იცნობს. ამორიმი ძალიან მომწონს.
შემადგენლობაზე: ამორიმს ნახევარი გუნდი აკლია. შეხედეთ „მანჩესტერის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიას და ნახავთ, რომ მათი ნახევარი ხელმისაწვდომი არაა. ამას ვერც „სიტი“ და „ლივერპული“ გაართმევდნენ თავს. მაუნთი და შოუ ტრავმირებულები არიან. რაშფორდი და სანჩო წავიდნენ. ტრავმები აქვთ კობი მაინუს და ლისანდრო მარტინესს. დრო გვჭირდება, რომ გუნდიდან გავუშვათ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ზედმეტს ვუხდით. ახლა ტრანსფორმაციის პერიოდს გავდივართ, მაგრამ გუნდში რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს - მაგალითად, ბრუნუ ფერნანდეში.
ფინანსებზე: ბოლო 7 წლის განმავლობაში „იუნაიტედი“ იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა. თუ არაფერს მოიმოქმედებ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები - „მანჩესტერს“ ეს რთული დრო ამ წლის ბოლოს დაუდგებოდა. 2025 წლის ბოლოსკენ ფინანსები ამოგვეწურებოდა. ამას საჯაროდ პირველად ვამბობთ, მაგრამ ეს ფაქტია - შობისთვის გუნდი გაკოტრდებოდა. ამიტომ ხარჯები დაახლოებით 125 მილიონი გირვანქა სტერლინგით შევამცირეთ, რამაც შედეგი გამოიღო“.
ცნობისთვის, „იუნაიტედი“ ლიგის და ასოციაციის თასებს უკვე გამოეთიშა, პრემიერლიგაში კი 28 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა. „წითელი ეშკამები“ ევროპა ლიგის მეორვედფინალში „სოსიედადს“ დაუზავდნენ (1:1), საპასუხო მატჩი კი „ოლდ ტრაფორდზე“ 13 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.