ბითაძის სამქულიანი და დაფარებები | ორლანდომ ჰიუსტონთან ვერაფერი გააწყო
„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, „ჰიუსტონ როქეთსთან“ წააგო. გოგა ბითაძემ და კომპანიამ სტუმრად გამართული მატჩის ვერც ერთი მეოთხედი ვერ მოიგეს და 84:97 დამარცხდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი და 14 წამი გაატარა. ამ დროში, გოგას მონაგარი 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება იყო. ბითაძემ 1 სამქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ 12 წუთის მიუხედავად, გოგა ჯარიმებით დაიტვირთა და წესები 5-ჯერ დაარღვია.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა პაოლო ბანკერომ გაიფორმა. ფრანც ვაგნერი 15 ქულას, 7 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას დასჯერდა, ბითაძის კონკურენტმა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა კი 8 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა. „ჰიუსტონის“ რიგებში საუკეთესო ჯაბარი სმიტ ჯუნიორი იყო - 20 ქულა, 7 მოხსნა. დილონ ბრუქსმა 17 ქულა მიითვალა, ჯეილენ გრინმა - 15.
„მეჯიქი“ არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება და ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული. „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩი 14 მარტს, „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ ელის.