დინამო ბათუმი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა, იბერია 1999, დინამო თბილისი, სამგურალი, კოლხეთი 1913, გარეჯი
Aa
Aa

კანკავა და გვილია დაბრუნდნენ - დინამო თბილისმა კოლხეთთან ვერ მოიგო, ბათუმმა და იბერიამ გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

დღის პირველ მატჩში კოლხეთი 1913-მა ქობულეთის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა. გუნდებმა ერთმანეთის კართან არა ერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. დღევანდელ მატჩში გამორჩეული იყო ჯაბა კანკავას და ვაკო გვილიას დაბრუნება. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა „დინამოში“ დაბრუნების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარეს.

დღის მეორე შეხვედრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული, „იბერია 1999“ სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

სათამაშო დღის დასკვნითი მატჩი კი ბათუმში ჩატარდა, სადაც „დინამო“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-9 წუთზე ლუკა წულუკიძემ გახსნა. მე-16 წუთზე ლევან გეგეჭკორმა წონასწორობა ზუსტად შესრულებული პენალტით აღადგინა, გამარჯვების გოლი კი მე-20 წუთზე უერდი მარამ გაიტანა.

მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, წყალტუბოში ჩატარდება, სადაც ადგილობრივი „სამგურალი“ „გარეჯს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები