„იმედი მაქვს, რომ ბურთი უფრო დიდხანს გვექნება“ - სლოტი პსჟ-სთან მატჩზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ლივერპული ენფილდზე პსჟ-ს უმასპინძლებს.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სლოტმა:
ზოგი ამბობდა, რომ ამ სეზონში არსენალი და ბაიერნი უკეთესი გუნდები იყვნენ, მაგრამ ბოლო ორ თვეში პსჟ საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა ეს გუნდი მთელ მოედანზე დომინირებს და ძალიან შეიცვალა. ეს ყველაზე სრულყოფილი გუნდია, რომელიც აქამდე შეგხვედრია. ჩვენ ვითამაშეთ არსენალთან, რეალთან, მანჩესტერ სიტისთან, მაგრამ ხარისხით პსჟ ყველა მათგანზე წინაა. ძალიან ძლიერი გუნდია, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მწვრთნელია. ასე თამაში ნამდვილად არ არის მარტივი და ლუის ენრიკემ ამისთვის უდიდესი სამუშაო გასწია.
ვფიქრობ, დამატებითი მოტივაცია არავის სჭირდება, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ორი საუკეთესო კლუბი ითამაშებს. მოტივაცია არც ფეხბურთელებს და არც გულშემატკივრებს სჭირდებათ. ამ თამაშს მოუთმენლად ველით და ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ.
სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ დროს სამი ტიტულისთვის ვიბრძოლებდით. რა თქმა უნდა, ეს სეზონის დადებითი ნაწილია და იმ დიდი ზეწოლის დამსახურებაა, რომელიც აქამდე გვქონდა. ეს ზეწოლა ყოველდღიურიცაა და მოგვწონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.
ხვალინდელ შეხვედრაში იმედი მაქვს, რომ ბურთი უფრო დიდხანს გვექნება, ვიდრე პირველ მატჩში. ისინი ბურთის გარეშე დიდი ინტენსივობით თამაშობდნენ, რამაც ასეთი თამაში გამოიწვია, ფაქტობრივად, ბურთი წაგვართვეს. მაგრამ 87 წუთის განმავლობაში ვითმენდით და როგორც კი სივრცე დავინახეთ, შანსი გამოვიყენეთ. როდესაც ჩანაწერს ვუყურე, დავინახე, რომ კიდევ რამდენიმე მომენტის შექმნა შეგვეძლო. მეტოქემ იმაზე მეტად დაგვღალა, ვიდრე წარმოვიდგენდი, გამუდმებით ზეწოლაში გვამყოფებდნენ და როდესაც ბურთი არ გაქვს, ეს ძალიან დამღლელია. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ხვალ ბურთს უფრო მეტად გავაკონტროლებთ.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა პარიზში ლივერპულის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ხვალინდელი მატჩი კი ენფილდზე საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.