შესაძლოა ამაზე ქვემოთაც დაეშვას - კინი მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისზე
შესაძლოა ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო წლებში „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ „ოლდ ტრაფორდზე“ „არსენალთან“ აღებული ქულა წარუმატებლობად ჩათვლილიყო, თუმცა ახლა „წითელი ეშმაკები“ იმდენად რთულ მდგომარეობაში არიან, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ „მეთოფეებთან“ არწაგება მათთვის დადებით შედეგად მიიჩნევა. ასეთ პათოსსა და მიდგომას არ იზიარებს მანჩესტერული გრანდის ლეგენდარული კაპიტანი როი კინი, რომელიც გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის საჯაროდ გაკრიტიკებას არ მოერიდა.
რას ამბობს კინი
ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ იმაზე, რომ მწვრთნელებს სამუშაოდ და გუნდში საკუთარი იდეების გასატარებლად გარკვეული დრო უნდა მიეცეთ, მაგრამ ასე გადაბმულად თამაშების წაგებაც დაუშვებელია. როდესაც მატჩიდან მატჩამდე შედეგები არ უმჯობესდება, გასახდელში გარკვეული ეჭვები ჩნდება. ფეხბურთელები უყურებენ დამრიგებელს და ჩუმად ფიქრობენ: „რა სარგებელი მოაქვს მას კლუბისთვის?“
რა უნდა ვთქვა რუბენ ამორიმზე? შეიცვალა რაიმე მისი მოსვლის შემდეგ? არაფერი და გამუდმებით გვესაუბრება იმის თაობაზე, რომ გუნდი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს. „იუნაიტედი“ ამჟამად მეთხუთმეტე ადგილზეა, თუმცა კლუბის სტანდარტები იმდენად არის დაცემული, არ გამიკვირდება, თუ სატურნირო ცხრილში ამაზე ქვემოთაც დაეშვება - უკვე აღარც ვიცი სად გადის წარუმატებლობის ზღვარი.
შიდა პირველობისგან განსხვავებით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ევროპა ლიგაში საქმეები გაცილებით კარგად მისდის და სან სებასტიანში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ხუთშაბათს, „სოსიედადს“ მერვედფინალის საპასუხო რაუნდში უმასპინძლებს. პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში კი, „მანიუს“ მეტოქე სტუმრად „ლესტერი“ იქნება.