ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ ხვალ „ლივერპულს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა. ქართველი შემტევი თავდაპირველად პსჟ-ის არხთან მცირე კომენტარით წარსდგა:

„თავს კარგად ვგრძნობთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. მაგრამ საკუთარ თავებში დარწმუნებულები ვართ. ხვალინდელ შეხვედრაში ბრძოლისთვის მოვემზადეთ და გვიხარია, რომ ამ თამაშის ჩატარება მოგვიწევს“.

„რა თქმა უნდა, ამ სტადიონზე გამარჯვება განსაკუთრებული იქნება და ამის დიდი მოტივაცია გვაქვს. ფეხბურთი საკმაოდ ლამაზი სპორტია და ენფილდზე თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა. ჩვენი ოცნებისთვის და მიზნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ჩვენ ბრძოლისთვის და ყველაფრისთვის მზად ვართ. ვეცდებით, ატმოსფეროს ყურადღება არ მივაქციოთ და ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდეთ“.

ამის შემდეგ კი ხვიჩა საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან გამოჩნდა და მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია:

„მგონია, რომ შანსები 50/50-ზე იქნება. ლივერპულის წინააღმდეგ ასეთი დომინანტური თამაში მარტივი არ არის. პირველ თამაშში ეს გავაკეთეთ და შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხვალინდელ თამაშში შანსები 50/50-ზე იქნება. საჭიროა, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ და ვაჩვენოთ, რომ აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვართ“.

„გასახდელში ყველაფერზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. გვიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის შესაძლებლობა გვაქვს და ესაა მთავარი“.

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

„აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი ადაპტაცია კარგად წარიმართა და ამაში ყველა დამეხმარა, როგორც მწვრთნელები, ისე ფეხბურთელები. ვგრძნობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ამიტომაც ვშრომობ თავდაუზოგავად, რომ ყველას ვაჩვენო რისი გაკეთებაც შემიძლია. დღითიდღე უფრო და უფრო უკეთესი ვხდები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. მთავარია, რომ სათამაშო დრო მაქვს“.

„მოტივაცია უმაღლეს დონეზე გვაქვს. არ ვიცი როგორი გზით მოვიგებთ, მაგრამ როდესაც ენფილდზე ლივერპულის წინააღმდეგ თამაშობ, არ მგონია, რომ მეტი მოტივაცია გინდოდეს. როდესაც პსჟ-ის მაისურით თამაშობ, ყველა თამაშში მოტივირებული ხარ. ამ გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი პატივია. გუნდს დიდი მენტალიტეტი აქვს და ვეცდებით, რომ ხვალ გავიმარჯვოთ. სწორედ ეს არის ჩვენი მენტალიტეტი“.

„ფეხბურთი მიყვარს, თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ და ვცდილობ, ლამაზი თამაში ვაჩვენო, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდი და გუნდის მიზნებია. ფეხბურთი არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ რამე ლამაზი გააკეთო, შედეგი, თამაშებისა და ტიტულების მოგებაა მთავარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კარგი თამაში, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი სასურველი შედეგის მიღწევაა“.

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

„არ ვფიქრობ, რომ ერთადერთი ვარ, რომელსაც ენფილდზე წარსულშიც უთამაშია. ფეხბურთელების უმეტესობამ იცის, რას ნიშნავს აქ თამაში. რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, რადგან ლივერპულში საოცარი ატმოსფერო იქნება, მაგრამ ვიცით, რომ აქ ჩვენი გულშემატკივრებიც ჩამოდიან და თავდაუზოგავად დაგვიჭერენ მხარს. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან. ყველაზე მთავარია, როდესაც მოედანზე გახვალ, შენს თამაშზე კონცენტრირდე და შენი საქმე გააკეთო. არ აქვს მნიშვნელობა, ენფილდზე ვთამაშობთ თუ პარიზში, მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

„როგორც უკვე გითხარით, რთული თამაში იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ისეთი დომინანტურები ვიყოთ, როგორც პირველ შეხვედრაში ვიყავით. ლივერპულის დონის გუნდთან ასე თამაში მარტივი არ არის, ვიცით, რომ აქ უფრო რთულიც იქნება. მაგრამ ვეცდებით, რომ საკუთარ თამაშზე ვკონცენტრირდეთ, ჩვეულად ვითამაშოთ და ყველაფერი შესაძლებელი იქნება“.

„ვფიქრობ, რომ ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება გვჭირდება. რა თქმა უნდა, მიზანი ფინალში თამაშია და ეს ნამდვილად შეგიძლია. ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ლივერპულთან თამაშობ და 1/4 ფინალში გასვლასთან ახლოს ხარ, ეს დამატებით წონას აძლევს“.

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

„პირველი თამაშის გამო იმედგაცრუებულები ვიყავით, რადგან მაშინ ფეხბურთი უსამართლო იყო. როდესაც ლივერპულის წინააღმდეგ ასეთ თამაშს ჩაატარებ და ვერ გაიმარჯვებ, რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტი იქნება. მაგრამ მომდევნო დღეს, როდესაც გასახდელში ერთმანეთს შევხვდით, ერთმანეთს ვუყურებდით და ვუღიმოდით. შრომა და ამავე გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ. ხვალ, თუ ისეთივე ხარისხით ვითამაშებთ, გამარჯვებას შევძლებთ“.

„რა თქმა უნდა, ლუის ენრიკემ ბარსელონას ქამბექზე ბევრი ისტორია მოგვიყვა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი უნდა ვცადოთ და ამით ყველაფერი შესაძლებელი იქნება. მას ბევრი ასეთი თამაში აქვს ჩატარებული და ყველაფერი ჩვენზე უკეთესად იცის, ამიტომაც არის ჩვენი მწვრთნელი. მას დიდი გამოცდილება აქვს და იცის, რაც უნდა გააკეთოს. ჩვენ კი მხოლოდ მისი ამოცანები უნდა შევასრულოთ“.

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა პარიზში ლივერპულის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ხვალინდელი მატჩი კი ენფილდზე საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი პარი სენ-ჟერმენში? | ფრანგული გრანდი ხარებაშვილს აკვირდება
კიდევ ერთი ქართველი პარი სენ-ჟერმენში? | ფრანგული გრანდი ხარებაშვილს აკვირდება