პალმერის სერიის დასასრული - ინგლისელი ლესტერმა შეაჩერა
მოხდა სასწაული და თავის კარიერაში პირველად კოულ პალმერმა 11-მეტრიანი ვერ გაიტანა. „ჩელსის“ 22 წლის ვარსკვლავს ინგლისის პრემიერ ლიგაში ზედიზედ 17 პენალტი ჰქონდა რეალიზებული, რითაც ყველა დროის რეკორდსმენი იყო და მისი ფენომენალური სვლა „ლესტერის“ მეკარემ, მადს ჰერმანსენმა დაასრულა.
2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 8 დეკემბრამდე პალმერმა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელით თავი 3-ჯერ „ტოტენჰემთან“, 2-ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ბარნლისთან“, თითოჯერ კი „არსენალთან“, „მანჩესტერ სიტისთან“, „ფულჰემთან“, „ევერტონთან“ და „ბრაიტონთან“ გამოიჩინა. ჩვიდმეტიდან მხოლოდ თორმეტი მატჩი იმიტომ არის ნახსენები, რომ ზოგიერთ მათგანში ინგლისელმა ნახევარმცველმა ერთზე მეტი პენალტი გაიტანა.
პალმერის გაცუდებული 11-მეტრიანის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში იაია ტურესა (მანჩესტერ სიტი, 11-დან 11) და რაულ ხიმენესის (10-დან 10) სახით დარჩა მხოლოდ ორი ფეხბურთელი, რომელსაც ამ მხრივ ასპროცენტიანი შედეგი გააჩნია. როგორც „არისტოკრატების“ იტალიელი დამრიგებელი ენცო მარესკა აცხადებს, კოულს წარმატების განსაკუთრებული რეცეპტი არ გააჩნია, რადგან არასოდეს უნახავს ვარჯიშების დროს მას პენალტების შესრულებაზე განსაკუთრებულად ევარჯიშოს, უბრალოდ ინგლისელი თავის საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალია.
28 თამაშის შემდეგ „ჩელსი“ პრემიერ ლიგაში 49 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო კოულ პალმერის ანგარიშზე 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.