ვერ თამაშობს და მაინც პირველია - სინერის მე-40 კვირა
ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯილი იანიკ სინერი მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს. იტალიელმა ჩოგბურთელმა ATP-ის რეიტინგის წამყვან პოზიციაზე რიგით მე-40 კვირა დაიწყო, რითაც რუმინელი ილია ნასტასეს მიღწევა გაიმეორა და ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენებს შორის მეთხუთმეტე ადგილზე გადავიდა.
პირველ ადგილზე სინერმა 2024 წლის როლან გაროსის მოგების შემდეგ გადაინაცვლა, რასაც აგვისტოში ამერიკის ღია პირველობასა და თებერვალში ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება მოჰყვა. დიდი სლემის ტურნირების გარდა, 23 წლის აპენინელმა 2024 წლის შემაჯამებელ ტურნირსა და ცინცინატისა და შანხაის მასტერსებზეც პირველობა არავის დაუთმო. სინერს ამ მონაცემებით 11 330 ქულა აქვს და მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ ალექსანდრ ზვერევსა (8 135) და კარლოს ალკარასს (7 510) საკმაოდ დიდი უპირატესობით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ სინერი დისკვალიფიკაციას დოპინგის მიღების გამო იხდის - აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი მის სისხლში ერთი წლის წინ აღმოაჩინეს და იმის გამო, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს განხილვისგან თავი აერიდებინა, იანიკი ანტისადოპინგო სააგენტოს ვერდიქტს დამორჩილდა.