ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ისტორიული დუბლის ავტორი იუბილარია - ბუდუ ზივზივაძეს 31 წელი შეუსრულდა

თავად ბუდუ ზივზივაძესთვის ვინმეს რომ ეკითხა, რა საჩუქარს ინატრებდა 31-ე დაბადების დღეზე, ალბათ დაუფიქრებლად იმას იტყოდა, როგორი საჩუქარიც გუშინ, „ჰოფენჰაიმთან“ შეხვედრაში გაუკეთა საკუთარ თავს. ბუნებრივია, ნებისმიერი ფორვარდისთვის რთულია 11 მატჩის უგოლოდ დასრულება და ორმაგად ძნელი იქნებოდა ზივზივაძესთვის, რომელიც „კარლსრუედან“ „ჰაიდენჰაიმში“ მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერის სტატუსით გადავიდა და მასზე უდიდესი იმედები მყარდებოდა.

უგოლო სერიის დასასრული

გასული 11 წარუმატებელი თამაშის შემდეგ, თერთმეტივე შემთხვევაში „ჰაიდენჰაიმის“ მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტი ბუდუს მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდა აცხადებდა, რომ არ ნანობდა საქართველოს ნაკრების ფორვარდის დამატებას, რადგან მას გასახსნელად ერთი გოლი სჭირდებოდა და ამის შემდეგ ზივზივაძის რეალურ შესაძლებლობებში ყველა დარწმუნდებოდა. ქართველმა თავდამსხმელმა ისეთი გოლი გაიტანა, უნდა გაიხსნას კიდეც და ისე ათამაშდეს, როგორ დონესაც „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლამდე აჩვენებდა. აი მის გარეშე დარჩენილ „კარლსრუეს“ კი კრიზისიდან თავის დაღწევა უჭირს - ბუდუს წასვლისას სამეულში მყოფმა კლუბმა ათიდან მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი დაკარგა.

ზივზივაძის წასვლის შემდეგ „კარლსრუემ“ ათიდან ორი თამაში მოიგო

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზივზივაძე აქამდე იოლი გზით მოვიდა, ძალიან ცდება, რადგან სულ რაღაც ორწელიწადნახევრის წინ იყო მომენტი, რომელსაც შეეძლო მის კარიერაზე მკვეთრად უარყოფითად ემოქმედა, თუმცა არ დანებდა და ყველას დაუმტკიცა, თუ როგორი მაღალი კლასის ფეხბურთელია. ვგულისხმობთ უნგრეთის „ფეჰერვარში“ ასპარეზობისას მომხდარ უსიამოვნო ეპიზოდს, როდესაც მას „უიპეშტთან“ მატჩის მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, ყოფილი კლუბის ფანებთან მისვლისა და პრინციპული მეტოქის ფეხბურთელთან მაისურის გაცვლის გამო, სკანდალი აუგორეს და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. მის ადგილზე ბევრი დანებდებოდა, მაგრამ ბუდუმ ბრძოლა გააგრძელა, ბედს არ შეურიგდა, არ დარჩა „ფეჰერვარის“ დუბლებში და აგენტის, ლაშა ოდილაძის დახმარებით „კარლსრუეს“ სახით იმ დროისთვის საუკეთესო ვარიანტი იპოვა, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა და ელიტაში ადგილის დაბრუნებისთვის ბრძოლას სერიოზულად გეგმავდა.

ბუდუ უნგრეთის ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანი იყო

ადგილი იოლად ზივზივაძეს არც „კარლსრუეში“ დაუმკვიდრებია და პრობლემები იქაც ჰქონდა, თან ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ „ჰაიდენჰაიმისგან“ განსხვავებით, შეგუების მომენტი არ ჰქონია და გოლი მეორე შეხვედრაშივე გაიტანა.„კარლსრუეში“ გამართულ სადებიუტო სეზონში ის არაჩვეულებრივ ფორმაში გახლდათ და ნოემბრიდან თებერვლამდე 7 გოლიც გაიტანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მთავარმა მწვრთნელმა თადარიგში განამწესა. მიზეზი კი ასეთი იყო - კრისტიან აიხნერი უკმაყოფილო დარჩა დაცვის გარჯით, რის გამოც ორი ცენტრალური თავდამსხმელის ნაცვლად, ორი საყრდენით უნდა ეთამაშა. გადაწყობილ ტაქტიკაში კი მხოლოდ ერთი ფორვარდის ადგილი დარჩა და ბუდუს მის კონკურენტს მხოლოდ იმიტომ ამჯობინებდნენ, რომ მასზე მაღალი იყო.

ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, ზივზივაძეს სულზე მოუსწრო უმნიშვნელონეს სანაკრებო მატჩებში თავის გამოჩენამ და ლუქსემბურგთან შესრულებულმა დუბლმა, რის შემდეგაც აიხნერის ნდობა დაიბრუნა და წინა სეზონი მეორე ბუნდესლიგაში 12 გოლით დაასრულა, რითაც ლევან კობიაშვილისა (10 გოლი) და ალექსანდრე იაშვილის (10 გოლი) მიღწევები გააუმჯობესა.

ლუქსემბურგთან ზივზივაძემ ისტორიული დუბლი შეასრულა

წლევანდელი სეზონის პირველ ნახევარში „კარლსრუეში“ როგორი შედეგიანი იყო და რომ არ წასულიყო, მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობის მთავარი კანდიდატი რომ იქნებოდა, ამაზე საუბარი ზედმეტია. მთლიანობაში, საკლუბო კარიერის მანძილზე კი ბუდუ ზივზივაძეს თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, დანიის „ესბიერგში“ და უნგრეთის კლუბებში, „მეზოკოვეშდიში“, „უიპეშტსა“ და „ფეჰერვარში“ უთამაშია და საერთო ჯამში ჩატარებულ 381 შეხვედრაში მის ანგარიშზე 192 გოლია. საოცრად შედეგიანი პერიოდი ჰქონდა „უიპეშტში“, სადაც იჯარის წესით ასპარეზობა და 14 მატჩში თავი 11 ბურთით გამოიჩინა. 2016 წელს კი, ის „სამტრედიას“ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი საჩემპიონო ტიტულის მოგებაში დაეხმარა, თავად კი ჩემპიონატის როგორც საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე ბომბარდირი გახდა.

სწორედ იმერეთის კლუბში გამორჩეული ამაშით მიიქცია მან საქართველოს ეროვნული გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ყურადღება და მისი სანაკრებო დებიუტი 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთთან (2:2) ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. თუმცა, ამის შემდეგ სლოვაკი სპეციალისტი იშვიათად ენდობოდა და თავის გამოჩენის შანსი უფრო მეტად ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ ეძლეოდა, რაზეც სტატისტიკაც კარგად მეტყველებს - ეროვნულ გუნდში გამართული 34 მატჩიდან 30 მან ფრანგის ხელმძღვანელობით ითამაშა და 8 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ბუდუზე საუბარს მისი აგენტის ლაშა ოდილაძის ფრაზით დავასრულებთ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასულ ზამთარს ზივზივაძის ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან გაცილებით უფრო სარფიანი შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ მან დიდი შემოსავლის მიღებას, ბავშვობის ოცნების ასრულება და გერმანიის ბუნდესლიგის კლუბში გადაბარგება ამჯობინა, რადგან მხოლოდ ფეხბურთის თამაში სურდა და სხვა არაფერი. დიახ, ასეა - ბუდუს ყოველი მატჩის დროს ემჩნევა ის ჟინი და გოლებისკენ სწრაფვა, რაც თითოეული მაღალი დონის ფორვარდის მახასიათებელი უნდა იყოს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართველ გულშემატკივარს კიდევ უამრავი გოლით გაახარებს და დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ბევრ ქულას დავაგროვებთ - ბუდუს კომენტარი სადებიუტო გოლზე
კიდევ ბევრ ქულას დავაგროვებთ - ბუდუს კომენტარი სადებიუტო გოლზე