მამარდაშვილი თუ დიმიტრიევსკი | რას წერს Marca ვალენსიას მეკარეებზე
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ გიორგი მამარდაშვილის სათამაშო ფორმას სტატია მიუძღვნა. „დებატები, რომლებიც წარმოუდგენელი გვეგონა: მამარდაშვილი თუ დიმიტრიევსკი“, - ასეთია დიეგო პიკოს სტატიის სათაური და აი, რას წერს ავტორი:
„გასულ სეზონში, მამარდაშვილი ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი იყო. კედელი, რომელიც ზამორას ჯილდოსთვის ჩემპიონატის ბოლო ორ თამაშამდე იბრძოდა და ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა შორის იყო, რაც ვალენსიაში დავიდ ვილიას შემდეგ არ მომხდარა. ქართველი მეკარე ნამდვილი ტიტანი გახლდათ და მისი დონე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლივერპულს მასში 35 მილიონი ევრო გადაეხადა.
ვალენსიამ იცოდა, რომ ტრანსფერი გარდაუვალი იყო და სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა, თუმცა სცენარი მალევე შეიცვალა და წითლებმა მამარდაშვილი ერთი სეზონით, მესტალიაზე დატოვეს. ამან კლუბში ანომალია წარმოქმნა. ფეხბურთელების გაყიდვითა და მათი შემცვლელების გარეშე დარჩენილ ვალენსიას ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაღალ დონეზე მყოფი მეკარეები ჰყავდა. მიუხედავად ამისა, დებატები მაინც წარმოუდგენელი იყო. მამარდაშვილი ნომერ პირველი მეკარე გახლდათ, დიმიტრიევსკი კი თასზე თამაშობდა და პრობლემების შემთხვევაში, გიორგის აზღვევდა.
თუმცა, ის, რაც შეუძლებელი გვეგონა, რეალობად იქცა. მამარდაშვილის დონემ მოიკლო. ის კატასტროფულად არ თამაშობს, პირიქით, ამისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩვეულებრივზე მეტი შეცდომა დაუშვა და რაც მთავარია, თამაშებს ვეღარ იგებს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა. იყო შანსი, ვალიადოლიდთან დაშვებული შეცდომა ვალენსიას ძვირად დასჯდომოდა, რომ არა, გუნდის მხსნელი, უმარ სადიქი.
ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და მამარდაშვილი თავად აღიარებს, რომ კარგი პერიოდი არ უდგას. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა - დიმიტრიევსკის დროა? კარლოს კორბერანს მსგავსი ტიპის ცვლილებების მარტივად განხორციელება არ ახასიათებს, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიელმა ბოლო თამაშებში საკუთარი მაქსიმუმი აჩვენა“, - წერს ესპანური გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილს ლა ლიგის 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 39 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა.