ჯამალ მუსიალა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. მას კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მისი გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.
შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ ჯამალი ლონდონის ჩელსის აკადემიაში გაიზარდა. ამ ისტორიის შესახებ კი თავად გერმანელი ნახევარმცველი გვიყვება, რაც ძალიან საინტერესო გამოვიდა..
„იცით მე ძალიან ხშირად ვცივდები. ეს არის პირველი, რაც თქვენ ჩემზე უნდა იცოდეთ.. გულწრფელად რომ ვთქვათ, გაციება ადამიანებს აჯილდოებს. ზიხარ სახლში, არ აკეთებ არაფერს და უამრავი დრო გაქვს იმისთვის, რომ ტელეფონში სქროლო.
ამ შემთხვევაში მე საკმაოდ ღრმა სქროლვას ვგულისხმობ.. ბრუნდები სულ დასაწყისში.. მიყვარს ამის კეთება, რადგან ეს შენი ცხოვრების ფილმის ყურებას ჰგავს..
გაციებისას, ამ ყველაფერს დღეების განმავლობაში ვაკეთებდი. სულ მაღლა, რომ ავსქროლე, ვნახე პირველი ფოტოები, რაც კი ოდესმე ჩემი პირველი ტელეფონით გადამიღია.. იცით? დამბურძგლა.. ჩემი საფეხბურთო მოგზაურობა ერთ ფოტოში ვნახე..
ტელეფონი 8 წლის ასაკიდან მაქვს. იქამდეც მინდოდა, მაგრამ დედაჩემი.. ჰო, მან ამიკრძალა.. მას მაგისტრის ხარისხი აქვს, ძალიან ჭკვიანი ქალია და არ აპირებდა, რომ თავის პატარა შვილს Iphone ჰქონოდა.. შანსი არ იყო, მაგრამ, როცა მე ჩელსის აკადემიაში ჩავირიცხე, დედასთან მოლაპარაკების დაწყების საშუალება მომეცა.. როდესაც გერმანიიდან ინგლისში გადავედით, დედას სწავლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. მე კი ჯერ კიდევ ინგლისურს ვსწავლობდი და რაღაცნაირად ვსაუბრობდი. ჩემი საუბარი ინგლისური და გერმანული ენების ნაზავს ჰგავდა..
არაერთ სახალისო სიტუაციაში აღმოვჩნდი.. ინგლისში ჩემი ერთ-ერთი პირველი მეგობარი ლევი კოლვილი იყო. ჩელსიში ვარჯიშის პირველ დღეს, 99% გერმანულად ვსაუბრობდი, მაგრამ თქვენ იცით როგორია ფეხბურთი.. ეს უნივერსალური ენაა. ლევისთან მივედი, რადგან ის კარგ ადამიანს ჰგავდა და მაქსიმალურად ვეცადე კომუნიკაციას:
„Na, was geht?” - მომმართა ლევიმ. ეს პირდაპირ, რომ ვთარგმნოთ „კარგი, რა ხდება-ს“ ნიშნავს.. ლევიმ ჩემთან გერმანულად საუბარი სცადა და შემდეგ გააგრძელა: „გამარჯობა ჯამალ, მე მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთი მაგარია, ძმაო ჯამალ..“
კოლვილს რატომღაც ეგონა, რომ მე უცნაური ბიჭი ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ინგლისურის სწავლაც დავიწყე და იცით სიგიჟე რა არის? აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე. დავახლოვდით და ვარჯიშებზეც ერთად დავდიოდით..
ამის პარალელურად, დედამ წესები შეარბილა და ტელეფონის გამოყენების უფლება მომცა, თუმცა მხოლოდ დარეკვა, შეტყობინების გაგზავნა და კამერის გამოყენება შემეძლო.. წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვი დიდ ქალაქში..
დედამ გამაფრთხილა: „ჯამალ, ყოველ საათში ერთხელ მომწერე, არ დაგავიწყდეს..“
სწორედ მაშინ გადავიღე ის პირველი ფოტო ლევისთან ერთად, რომელზეც გიყვებოდით. ლევი და ჯამალი ჩელსიში, ორი ოცნების მქონე ბიჭი!!..
ჩელსიში მისვლის შემდეგ, წარმოუდგენელი შეგრძნება იყო ამდენი ლეგენდის გვერდით ყოფნა. წარმოიდგინეთ, მანქანის ავტოსადგომზე ლამპარდს, დროგბას, ჩეხის და ტერის ვხედავდით. ეს ყველაფერი რეალური იყო. დროგბა მხოლოდ FIFA-ში მყავდა ნანახი. ისინი სავარჯიშო მოედნის სრულიად სხვა მხარეს იყვნენ და ახლოს ვერ მივდიოდით, მაგრამ ერთ დღეს ისინი ახალგაზრდების მოედანზე მოვიდნენ და მახსოვს ლევის ვუთხარი: „არ მაინტერესებს ძმაო, მე სურათი უნდა გადავიღო.“
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, არასდროს დამავიწყდება ის წამები, როცა ანდრე შიურლესთან მივედი. ისეთი უსირცხვილო ვიყავი, რომ მას პირდაპირ გერმანულად დავუწყე საუბარი.
ტელეფონი, როგორც საბრძოლო ხმალი ისე აღვმართე და ვკითხე: „ბატონო შიურლე, შეიძლება ფოტო გადავიღოთ?“
იმ წამსვე დამთანხმდა და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. ანდრე გაუნძრევლად იდგა და ელოდებოდა როდის შევარჩევდი სწორ რაკურსს. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სელფი გადავიღე. გახსოვთ 2012 წლის სელფები? ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ჯერ არ გვქონდა სრულყოფილი სელფები..
არ მაინტერესებდა როგორი სელფი გამოვიდა. ეს სურათი ჩემთვის ოქროსავით იყო. საბოლოოდ ფოტო დროგბასთან, ტერისთან და სხვა ვარსკვლავებთანაც გადავიღე. მომდევნო დღეებში იგივე დევიდ ლუიზთან და ედენ აზართანაც გავიმეორე.
მამაჩემმა იცით ერთხელ რა ქნა? ვარჯიშიდან გამოვდიოდით და ჯონ ტერი დაინახა. გააჩერა და უთხრა: „შეგიძლიათ მე და ჩემს შვილს სურათი გადაგვიღოთ?“ რა თქმა უნდა, ტერი იმ წამსვე დათანხმდა. ეს სურათი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება..
მამაჩემისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იყო, რადგან ფეხბურთის სიყვარული სწორედ მან ჩამინერგა. ის ბავშვობაში ჩემს თითოეულ მატჩზე დადიოდა და ჩემთან ერთად განიცდიდა ყველა ემოციას..
ხშირად ვათვალიერებ ჩემს სხვა სურათებსაც და ეს დიდებული საშუალებაა იმის გასახსენებლად, თუ საიდან მოვდივარ.. გერმანიაში დაბრუნებამდე, ინგლისში 8 წელი გავატარეთ.
როდესაც 16 წლის გავხდი და სკოლა დავასრულე ჩემს ოჯახში ბევრი გაურკვევლობა იყო. არა ფეხბურთზე, არამედ ცხოვრებაზე.
ინგლისში ბრექსიტის(ემიგრანტების სამუშაო უფლება) კანონი შემოიღეს და დედა ძალიან ნერვიულობდა. არ იცოდა კიდევ რამდენი ხანი შეძლებდა ლონდონში მუშაობას. მკაფიო პასუხები ვერ მივიღეთ და ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო. ზუსტად იმ დროს, ბაიერნმა სახლში დაბრუნების შანსი შემოგვთავაზა.
ინგლისი და ლონდონი ძალიან მიყვარს. თავს ინგლისელად ვგრძნობდი და დამიჯერეთ, არასდროს არის ადვილი ასე მარტივად გადაწყვიტო შენი ცხოვრება, მაგრამ ეს ნამდვილი ბედისწერა იყო. ბაიერნში რაღაც ბუნებრივად იგრძნობა..
მაგრამ... კარგი, არ ვაპირებ თქვენს მოტყუებას. შემეძლო მეთქვა, რომ მე ვარ გერმანელი პატარა ბიჭი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ყველაფერი იდეალურადაა..
თუმცა სიმართლე უფრო სხვანაირია..
მიუნხენში გადასვლამდე ყბა მოვიტეხე. ეს კიდევ ერთი დღის ისტორიაა. ყველაფერი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ არის ის, რომ ყბა ორივე მხარეს მოვიტეხე და რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ სუპის და ლაზანიას მირთმევა შემეძლო.
ლაზანია მეგობრებო..
ლაზანია..
სუნიც კი მეზიზღება. როცა ეს სიტყვა მესმის ცუდად ვხდები. იმდენი ლაზანია ვჭამე, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე. საბოლოოდ წონაში ძალიან დავიკელი. წარმოიდგინეთ სიტუაცია - ჩელსის აკადემიის აღზრდილი ბიჭი ბაიერნში მხოლოდ 60 კილოგრამით გადადი. ლაპარაკიც კი არ შემეძლო..
ინგლისში ყოფნის დროს, სახლში მშობლებთან მაინც გერმანულად ვლაპარაკობდი, თუმცა რაღაცები მერეოდა. არ ვხმარობდი Der, Die, Das.. ახლა კი აღმოვჩნდი გერმანელებთან, რომლებთანაც დაჟანგებული გერმანულით ვსაუბრობდი და პირის მხოლოდ 15%-ს ვაღებდი. წარმოგიდგენიათ, როგორი სასაცილო ვიყავი? ლეროი სანე სულ დამცინოდა..
სიგიჟე იყო..
ყველას ის აზრი დაებადა რეალურად შემეძლო, თუ არა ფეხბურთის თამაში. ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ..
ამან დიდი მოტივაცია მომცა, რომ მოედანზე დავბრუნებულიყავი. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩემზე ფსონის დადება და არჩევანის გაკეთება სწორი ნაბიჯი იყო. იმ დროისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიროსლავ კლოზეს, რადგან 17-წლამდე გუნდში ის ჩემი მწვრთნელი იყო და არასდროს მინდობდა.
მე შეტევაში თამაში მიყვარდა და კლოზე გამუდმებით ცდილობდა ჩემთვის დაცვის ელემენტების შესწავლას. ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი..
„ჯამალ! ჯამალ! დაბრუნდი უკან, დაიცავი!! შენი გუნდი უნდა დაიცვა!!“
ტყუილის თქმას არ ვაპირებ. ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მიროსლავმა მე უფრო სრულყოფილ ფეხბურთელად მაქცია და ჩვენ ახლა მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. მის გარეშე ბაიერნის პირველ გუნდში ასე სწრაფად ვერ აღმოვჩნდებოდი. ის დღე წარმოუდგენელი იყო. სინამდვილეში წინა ღამე უფრო დასამახსოვრებელია..
ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს ზუსტად ახსოვს, სად იყვნენ, როცა „ზარი“ მიიღეს..
2020 წელი იყო და მსოფლიოში პანდემია სუფევდა. 17 წლის ვიყავი.. ყურსასმენები მეკეთა და ამ დროს ჩემი ტელეფონი რეკავს. მეგონა დედაჩემი იყო.. ტელეფონს ვიღებ და პირველი გუნდის მენეჯერი მეუბნება: „მინდა გავიგო, რომ ხვალ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში შეგიძლია.“
იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ იმ წამსვე წამოვხტი და დედასთან გავიქეცი. „დედა!! დედა!! შენ ამას არ დაიჯერებ!! ახლავე უნდა ვივახშმო და დასაძინებლად დავწვე!!“
იმ ღამეს ვცადე, რომ 10 საათზე დამეძინა..
თან მჯეროდა..
თან არ მჯეროდა..
ისე ვნერვიულობდი, რომ გულის ცემას ვგრძნობდი..
გახდა 11, შემდეგ 12.. 1..
არ ვიცი რომელ საათზე ჩამეძინა.. დილით ჩემი ოცნება უნდა ახდენილიყო..
ვარჯიშზე ყოველთვის დედას დავყავდი და ახლა მე მიულერთან და ნოიერთან ერთად უნდა მევარჯიშა.. დედაჩემს თავის პატარა VW Polo-თი უნდა წავეყვანე და ეს მანერვიულებდა. იქ ყველას მდიდრული მანქანა ჰყავს..
ამის პარალელურად კი დილით დედა რუტინულ ფრაზებს მეუბნებოდა: „ჯამალ კარგად ჭამე? საკმარისი იყო? ჯამალ დაუწიე მუსიკას, ჯამალ მომაქციე ყურადღება!!“
ვუპასუხე: „დედა კონცენტრაცია მჭირდება და დამაცადე მუსიკის მოსმენა“.
მან იცოდა, რომ ვნერვიულობდი და ასეთ დროს ყოველთვის ვმღერი, მაგრამ იმ დღეს მანქანაში მკვდარივით ჩუმად ვიჯექი..
მივედი სავარჯიშო მოედნამდე.. გავაღე მანქანის კარი..
დედამ მითხრა: „მიყვარხარ.. როცა ვარჯიშს დაასრულებ მომწერე. წარმატებები..“
კარი დავხურე.. დავიძარი შესასვლელისკენ, სადაც პირველი გუნდი ვარჯიშობს. ვფიქრობდი: „იმედი მაქვს, დაცვა შემიშვებს“..
მადლობა ღმერთს, შემიშვეს, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა საით უნდა წავსულიყავი. იმ დღეს მხოლოდ იმისთვის ვიყავი იქ, რომ ნომერი ამეღო. პირველი გუნდი უკვე შეკრებაზე იყო. მათ ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდათ მატჩი. ასე რომ, ფოიეში ვიჯექი და არ ვიცი ვის ველოდებოდი.. თავს სტაჟიორად ვგრძნობდი. ძალიან შეშინებული ვიჯექი, ტელეფონიც კი ამოვიღე.. ისევ ველოდებოდი.. ვნერვიულობდი..
და ბოლოს, დავინახე ჯოშუა ზირკზე, რომელიც კიბეებზე ჩამოდის და ფართოდ იღიმება.
„გამარჯობა მეგობარო, მოდი აქაურობას დაგათვალიერებინებ.“ - მითხრა მან
მახსოვს გასახდელში შევედი და იქ ვიდექი.. მეშინოდა შემთხვევით სხვის ადგილზე არ დავმჯდარიყავი. ვცდილობდი უჩინარი ვყოფილიყავი, სანამ ვინმე არ მეტყოდა სად იყო ჩემი ადგილი..
გქონიათ ისეთი მომენტი, როცა არ იცით რა უნდა გააკეთო ხელებით? მეგონა, ჩემს მიმართ ყველა მკაცრი იქნებოდა, მაგრამ რეალურად ყველა ისეთი კეთილი აღმოჩნდა..
ბაიერნის მთელი კულტურა - Mia san Mia - არ არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. ძნელია ახსნა, სანამ გასახდელში არ იქნები, მაგრამ ეს უფრო ოჯახურ ატმოსფეროს ჰგავს.. ამას ვერავინ გაიგებს იქამდე, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის. პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. არა როგორც ფეხბურთელისთვის, არამედ, როგორც ადამიანისთვის..
მოედანზე გასვლისას დავინახე, რომ ტიაგო ვიღაცასთან ერთად ვარჯიშობდა. მოედნის ერთი ნაწილიდან მეორეში ორი შეხებით პასებს აკეთებდნენ. შეცდომაც კი არ ჰქონდა, ბურთს იდეალურად ეხებოდნენ. მსგავსი არაფერი მინახავს..
დავიწყე ვარჯიში და ვცდილობდი, რომ დონე არ დამეგდო. არ მინდოდა ჩემი ასაკის გამო ვინმეს ალმაცერად შემოეხედა. ამის შემდეგ, ყველაფერი ერთგვარი და ბუნდოვანი იყო. მახსოვს მოედნიდან გამოვედი და სხვა მოთამაშეებს ვუყურებდი. ვიცოდი, რომ მე უკვე ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი..
ვარჯიშის შემდეგ, ჩავიცვი და დედას მივწერე: „ჩვენ დავასრულეთ, შეგიძლია მოხვიდე..“
ავტოსადგომზე მას 30 წუთი ველოდებოდი. ყველა თავისი აუდისკენ მიდიოდა. საბოლოოდ დედაც გამოჩნდა და მანქანაში ჩავჯექი. პირველივე წამს მკითხა: „აუუ როგორი იყო? სიამოვნება მიიღე?“
ვუპასუხე, რომ ნამდვილად კარგი იყო..
შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოვარდა.. მანქანის ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვიღიმოდი.. ეს დიდებული მოგონებაა..
ეს იყო ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამის შემდეგ, ბევრი რამ მართლაც სწრაფად მოხდა. პანდემია.. ჩემი პირველი მატჩი ცარიელ სტადიონზე ფრაიბურგის წინააღმდეგ. პირველი გოლი შალკესთან.. პირველი მატჩი ლაიპციგთან გულშემატკივრების თანდასწრებით.. იმ დღეს ნამდვილი ფეხბურთი საბოლოო დაბრუნდა. ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი.. ევროზე 10-ნომრიანი მაისური მეცვა.. სიხარული, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ.. საოცარი მოგონებები დამიგროვდა..
ერთ დღეს, როცა დრო მექნება ყველაფერს უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.. მაგრამ ის, რაც ახლა მახსენდება, არის პირველი ვარჯიში ბაიერნში. ხანდახან აუცილებლად უნდა აიღო ტელეფონი ხელში, ფოტო გალერეა ასქროლო და წვრილმანები გაიხსენო.. ამიტომაც მინდოდა ამის დაწერა, რადგან მოგონებები აუცილებლად უნდა ჩამოვწეროთ.. და შემდეგ ეს ყველაფერი 5, 10 ან 50 წლის შემდეგ კვლავ გავიხსენოთ..
ახლა 22 წლის ვარ..
იმედი მაქვს, 26 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვიქნები.. ასევე იმედი მაქვს, რომ ჩემი ოჯახი ჩემით იამაყებს..
ეს მე ვარ..
ეს არის ამბავი, რომელიც არ დასრულებულა..
პატივისცემით, ჯამალ მუსიალა..“