„პროფესიონალიზმის მაგალითი ხარ“ | კლუბმა და თანაგუნდელებმა მამარდა გაამხნევეს
ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში, „ვალენსიამ“ „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა. „ღამურების“ კარში გატანილი გოლი გიორგი მამარდაშვილის შეცდომას მოჰყვა და მატჩის შემდეგ, ქართველმა მეკარემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!“, - განაცხადა „მამარდამ“ და თანაგუნდელებისა და კლუბის თანადგომამ არ დააყოვნა.
„პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ხარ. წინ გიორგი!“, - ასეთი კომენტარი დატოვა „ვალენსიას“ „ინსტაგრამის“ ოფიციალურმა გვერდმა.
„ყოველთვის მაღლა გიორგი!“, - განაცხადა ხავი გერამ.
„ვისაც შენში ეჭვი ეპარება, წავიდეს“, - აღნიშნა უგო დურომ.
„ტოპი ხარ ძმაო“, - წერს ჰუგო გილამონი.
„გვიყვარხარ ძმაო“, - ამბობს დიმიტრი ფულკიე.
„საუკეთესო ძმა“, - აცხადებს კრისტიან მოსკერა.
„ვალენსიას“ ფეხბურთელების გარდა, მამარდაშვილი ქართველმა მოთამაშეებმაც გაამხნევეს. ლუკა ლოჩოშვილმა, ნოდარ ლომინაძემ, შოთა არველაძემ, სანდრო ალთუნაშვილმა და სხვებმა „მამარდას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.