მერაბის პროვოცირება სცადა | ფანის ძალიან ცუდი ჟესტი დვალიშვილს მისამართით
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი MMA-ის გულშემატკივრებს შეხვდა და ერთ-ერთმა მათგანმა, მისი მისამართით ძალიან ცუდი ჟესტი გამოიყენა. სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ვხედავთ, რომ ფანმა „მანქანის“ პროვოცირება სცადა.
მერაბი ავტოგრაფებს არიგებდა და ფოტოებს იღებდა, როცა მასთან ქომაგი მივიდა. მან დვალიშვილს სთხოვა, ხელი მოეწერა ფოტოზე, რომელზეც „მანქანისა“ და რიკი სიმონის ჩხუბის შემდეგ განვითარებული მოვლენები იყო ასახული (ორთაბრძოლა, რომელშიც მერაბი მახრჩობელა ილეთს არ დანებდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც საბმიშენით წაგება ჩაუწერეს). აღნიშნულ ფოტოზე, დვალიშვილი ოქტაგონზე წევს და წამოდგომა უჭირს.
„მანქანამ“ იკითხა, რატომ ეს მომენტიო და მაინც აპირებდა, ავტოგრაფი დაეტოვებინა, მაგრამ საქმეში მისი წარმომადგენლები ჩაერიენ და ფანს უთხრეს, რომ აღნიშნულ ფოტოზე ხელმოწერას ვერ მიიღებდა. პროვოცირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქომაგმა დვალიშვილს მიაძახა, რომ უმარ ნურმაგომედოვი მეორე ორთაბრძოლაში დაამარცხებდა, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა.
ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის ქომაგთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. მათი თქმით, ასეთი უპატივცემულო ფანები ამაზრზენები არიან და სპორტს რეპუტაციას უფუჭებენ.