წიტაიშვილის გოლი და ასისტი - ქართველი ფეროლის წინააღმდეგ საუკეთესო იყო
ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ აუთსაიდერ „რასინგ ფეროლს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა.
გიორგი წიტაიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველ შემტევს საკმაოდ პროდუქტიული მატჩი ჰქონდა და თამაში გოლს + საგოლე გადაცემით დაასრულა.
„გრანადამ“ ანგარიში 32-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურით გახსნა. ქართველი ფეხბურთელის გადაცემას საჯარიმოში ზუსტად ლამა დახვდა და მასპინძლები დააწინაურა.
ზუსტად 4 წუთში, „გრანადამ“ სანჩესის გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი 58-ე წუთზე, გიორგი წიტაიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც თავის ფლანგზე მეტოქე ჯერ სისწრაფეში დაჯაბნა, შემდეგ კი სტუმართ გუნდის მეკარეს ბრწყინვალე შესრულებით შანსი არ დაუტოვა.
წიტაიშვილისთვის ეს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი იყო, ეს კი ქართველმა შემტევმა 26 ჩატარებულ მატჩში შეძლო. ამასთან, გიორგის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.
ამ გამარჯვებით, „გრანადამ“ სატურნირო ცხრილში 46 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე დამკვიდრდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს ლა ლიგის პლეი-ოფის ზონამდე, შესაბამისად მე-6 ადგილამდე, რომელსაც რეალ ოვიედო იკავებს, 4 ქულა აშორებს. „გრანადა“ მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად „კადისის“ წინააღმდეგ გამართავს.