ქოჩორაშვილის მე-6 გოლი სეზონში - ლევანტემ სახლში კარტახენას მოუგო
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „კარტახენას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგი ქოჩორაშვილმა 71-ე წუთზე სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების შესაძლებლობა მისცა.
ქოჩორაშვილის გარდა, თავი რომერომ (29-ე წუთზე) და იბორამაც (90-ე წუთზე) გამოიჩინეს.
მიმდინარე სეზონში, ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ში 24-ე მატჩი ჩაატარა და მე-6 გოლი გაიტანა. ამასთან, 3 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.
„ლევანტე“ 30 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „მირანდესს“ 1 ქულით ჩამორჩება. ქოჩორაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად „უესკას“ წინააღმდეგ გამართავს.