საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

მოუგებელი სერია ცამეტამდე გაიზარდა - ემპოლიმ რომასთან წააგო

ასე თუ გაგრძელდა შესაძლოა „ემპოლის“ ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელს კარისკენ მიუთითონ - მართალია რობერტო დ’ავერსას ხელმძღვანელობით ტოსკანელებმა იტალიის თასის მეოთხედფინალში „იუვენტუსს“ მოუგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, მაგრამ სერია A-ში კიდევ ერთხელ დამარცხდნენ და გუნდის მოუგებელი სერია 13 მატჩამდე გაიზარდა.

„ემპოლი“ ამჯერად საკუთარ სტადიონზე „რომასთან“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა და ერთადერთი ბურთი მატიას სოულემ 26-ე წამზე (!!!) გაიტანა, რითაც „ჯალოროსოს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა - კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით „მგლებმა“ შეძლეს და 2017 წლის შემდეგ პირველად, იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ხუთი თამაში მოიგეს.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, 20 წლის ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე მწვრთნელმა შეტევის გაძლიერების მიზნით, მის ნაცვლად მოედანზე 17 წლის ფორვარდი ტომას კამპანიელო შეიყვანა. საბას გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის და 87 წუთის განმავლობაში საკუთარი გუნდის კართან მწვავე მომენტი 5-ჯერ განმუხტა. ქართველი მცველი ბურთს 57-ჯერ შეეხო - მისი 43 პასიდან ზუსტი 37 გამოდგა, ათბალიანი სისტემით კი, 7.2 დაუწერეს და მასზე მაღალი შეფასება თანაგუნდელებიდან მხოლოდ მეკარე სილვესტრემ (7.3) მიიღო.

28 ტურში დაგროვებული 22 ქულით „ემპოლი“ სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში, მეთვრამეტე ადგილზეა და მხოლოდ „ვენეციასა“ და „მონცას“ უსწრებს. მომდევნო მატჩს გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები 15 მარტს, სტუმრად „ტორინოსთან“ ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ | მამარდას ემოციური სიტყვები
ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ | მამარდას ემოციური სიტყვები