ზივზივაძის ბრწყინვალე სადებიუტო გოლით - ჰაიდენჰაიმმა ქულა გადაარჩინა
ბუდუ ზივზივაძის უიღბლო სერია დასრულებულია - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელსაც ხვალ 31 წელი უსრულდება, დაბადების დღისთვის საკუთარ თავს და მის ერთგულ გულშემატკივარს იდეალური საჩუქარი გაუკეთა და გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ათბალიანი სისტემით 8.1 მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ბუდუმ „ჰოფენჰაიმი“ – „ჰაიდენჰაიმის“ (1:1) შეხვედრა თადარიგში დაიწყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მისი თანაგუნდელები 0:1 მარცხებოდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ზივზივაძის შესვლისთანავე „ჰაიდენჰაიმის“ იერიშები გაცილებით უფრო მწვავე გახდა და მასპინძლების კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სტუმრებს სიზუსტე აკლდებოდათ. ის, რაც მისმა თანაგუნდელებმა ვერ მოახერხეს, შეძლო ბუდუმ და ულამაზესი, მოჭრილი დარტყმით აიღო ოლივერ ბაუმანის კარი. 45 წუთის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელი ბურთს 25-ჯერ შეეხო და პასები 83-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, მისი დრიბლინგის ორი მცდელობიდან კი ორივე წარმატებული აღმოჩნდა.
მართალია, ამ ფრის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი „ჰაიდენჰაიმისთვის“ მოუგებელი სერია 9 მატჩამდე გაიზარდა, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საკუთარ სტადიონზე მუდამ ძლიერად მოთამაშე ზინსჰაიმელებთან ქულის აღება გუნდისთვის, ხოლო ბუდუსთვის უგოლო სერიის დასრულება უმნიშვნელოვანესი გახლდათ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, 25 ტურში დაგროვებული 16 ქულით ჰაიდენჰაიმელები უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „კილს“ უმასპინძლებენ და მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით, 20:30 წუთზე დაიწყება.