სენტ-ეტიენმა კონკურენტს ვერ მოუგო - ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7.1. სამწუხაროდ, დავითაშვილს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ შეტევაში საკმაოდ პროდუქტიული იყო.
ანგარიში მე-10 წუთზე „სენტ-ეტიენმა“ სტასინის გოლით გახსნა, მასპინძლებმა კი წონასწორობა პირველივე ტაიმში, ტურეს გოლით აღადგინეს. საგულისხმოა, რომ გოლის ეპიზოდში ტურემ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, თუმცა დამატებაზე შეძლო გოლის გატანა.
მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის მაისურით 24-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში 7 გოლსა და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
25 ტურის შემდეგ ქართველი შემტევის გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება და ამ მდგომარეობით ლიგა 2-ში ვარდება. „სენტ-ეტიენი“ მე-16 ადგილოსან „ლე ავრს“ 1 ქულით ჩამორჩება, მე-15 ადგილოსან „რეიმსს“ კი 2. მომდევნო ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.