ქართული ფინალი არ შედგა - გრიგალაშვილი ბრძოლას ჩაეხსნა, ჯაბნიაშვილი კი ჩემპიონი გახდა
გიორგი ჯაბნიაშვილი ავსტრიის გრან პრის გამარჯვებულია. ლინცში მიმდინარე ტურნირზე -90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა შემდგარიყო, რომელშიც ტატო გრიგალაშვილს და გიორგი ჯაბნიაშვილს უნდა ეასპარეზათ, თუმცა, მოულოდნელად, გრიგალაშვილი ბრძოლას ჩაეხსნა, რის გამოც, გამარჯვება ავტომატურად გიორგი ჯაბნიაშვილს დარჩა.
ტატო გრიგალაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ ის მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალს უკავშირდება, რომელშიც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა მცირე ტრავმა მიიღო და ამის გამო, მწვრთნელებმა მისი მდგომარეობით აღარ გარისკეს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვების შანსი +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილსაც ექნება, რომელიც ფინალში გამოცდილ ჩეხ ჯუდოკას, რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს ლუკას კრპალეკს დაუპირისპირდება. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შალვა გურეშიძე ეცდება, რომლის მეტოქეც უკრაინელი ევგენი ბალიევსკი იქნება.