საქართველოს ფუტსალის ნაკრები
Aa
Aa

გამარჯვება რუმინეთთან - წინ მეორე სპარინგია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის მომზადებულ მოთამაშეებს ნაყოფიერი სპარინგი გამოუვიდათ, მთავარმა მწვრთნელმა თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ფეხბურთელს მისცა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის სხვადასხვა კომბინაციები დამუშავდა.

ორივე გოლი მასპინძლებმა შესვენებამდე გაიტანეს. პირველი ბურთი ვახტანგ ჯვარაშვილის აქტიურობას მოჰყვა, რომლის დარტყმაც რუმინელთა მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას მასპინძლების კაპიტანმა შოთა თოფურიამ დაასწრო და ანგარიში გახსნა. ფეხბურთელებმა ეს გოლი გიორგი ჩიმაკაძეს მიუძღვნეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ტყუპი გოგონები შეეძინა. სულ მალე თავად ჩიმაკაძემ რუმინელების გოლკიპერის კიდევ ერთი შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

11 მარტს, ამავე დარბაზში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. ერთ თვეში კი ასათიანის გაწვრთნილი გუნდი კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს გამართავს - 11 აპრილს სტუმრად კოსოვოსთან ითამაშებს, 16 აპრილს კი თბილისში საფრანგეთს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა