ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო | ლეიმას მარცხი მანრესასთან
წინა ტურში საკუთარ დარბაზში „ლეიდასთან“ პრინციპული მატჩის მოგების შემდეგ, „ლეიმა“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთხელ, მიმდინარე სეზონში მეჩვიდმეტედ დამარცხდა და ისევ სატურნირო ცხრილის აუტსაიდერია. ლა კორუნიელებმა სტუმრად „მანრესასთან“ 15-ქულიანი სხვაობით, 89:104 წააგეს და ისინი წარუმატებლობისგან ვერც ბექა ბურჯანაძემ იხსნა, რომელიც მოხსნების რაოდენობით თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრებისა და გალისიური კლუბის 31 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან ოთხიდან ორი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან სროლა კი ერთხელაც არ უცდია. შვიდიდან ექვს შემთხვევაში ბურთი დაცვაში ასპარეზობისას მოხსნა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
22 ტურის შემდეგ 5 მოგებითა და 17 წაგებით „ლეიმა“ სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები 16 მარტს, „ბრეოგანს“ უმასპინძლებენ და მატჩი თბილისის დროით, 15:30 წუთზე დაიწყება.