კაპელო: „გუარდიოლამ ფეხბურთი დააზარალა“
ფაბიო კაპელოსა და პეპ გუარდიოლას შორის უთანხმოება ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან მოდის. 2002-2003 წლებში, როდესაც პეპი „რომას“ ღირსებას იცავდა, მან ამ გუნდის მაისურით მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, რაშიც უმთავრესი დამნაშავე კაპელო გახლდათ. მაშინ მათი კონფლიქტის დეტალებზე არაფერი დაწერილა. სამაგიეროდ, ახლა, El Mundo Deportivo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, 78 წლის იტალიელმა სპეციალისტმა წარსული ამბებიც გაიხსენა და გუარდილას წლევანდელი სეზონის კრიზისზეც ისაუბრა.
ფაბიო კაპელო
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პეპ გუარდიოლას წარუმატებლობები მახარებს, ძალიან ცდება. პირიქით, მის სამწვრთნელო შესაძლებლობებს უზომოდ ვაფასებ, რადგან კრუიფის „აიაქსთან“ და საკის „მილანთან“ ერთად, მისი „ბარსელონა“ გახლდათ, რომელმაც ფეხბურთში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.
თუმცა, მგონი უკვე ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ გუარდიოლას ფილოსოფიამ ფეხბურთს წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა. ზოგიერთმა მწვრთნელმა მისი ფეხბურთის კოპირება მოინდომა და ამ ყველაფერს 10 წელი მოახმარეს. სხვებზე არ ვიტყვი, სერია A-ს კლუბებზე ვისაუბრებ - გუარდიოლას მიბაძვით იტალიურმა ფეხბურთმა თავისი სტილი დაკარგა და ერთხელ მწვრთნელების შეკრებაზე მათ ემოციურად ვუთხარი: „შეწყვიტეთ ეს ყველაფერი, თქვენ არ გყავთ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც პეპის განკარგულებაშია“.
სრული აბსურდია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარგი ფეხბურთის თამაში მხოლოდ მოკლე პასებით შეიძლება. შეხება ბურთთან, კიდევ შეხება, კიდევ შეხება.... იტალიის გუნდებში მეკარეს არ იღებენ, თუ ფეხით თამაში არ იცის, რაც სრულ კატასტროფად მიმაჩნია. რატომ უნდა ვუყურო 90 წუთი ჰორიზონტალური გადაცემებისგან შემდგარ ფეხბურთს სირბილისა და ორთაბრძოლების გარეშე?
საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში შეიცვალა, რაც მთლიანად ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრების დამსახურებაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ორი უმაღლესი კლასის ვინგერისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე მოიგო.
რაც შეეხება ჩემი და პეპის წარსულს - „რომაში“ არანაირი გაუგებრობა არ მომხდარა. უბრალოდ ის იმდენად ამპარტავანი იყო, ერთხელ ჩემთან მოვიდა და მიხსნიდა როგორ უნდა მემუშავა. ჩემი პასუხი ასეთი იყო: „წადი ივარჯიშე და მერე ვილაპარაკოთ“. ძირითადში არ ვაყენებდი, რადგან მის მაგივრად ვისაც ვენდობოდი, ის დარბოდა, გუარდიოლა კი ერთ ადგილზე იდგა.
შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს - მისი მომზადებული გუნდი პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად „მანჩესტერ სიტის“ დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს.