ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„რატომ და სად გამირბოდა ვერ გავიგე“ | ანკალაევი რემატჩისთვის მზად არის

UFC-ს ქვემძიმე წონით დივიზიონს მაგომედ ანკალაევის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს - 32 წლის მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალექს პერეირა ხუთ რაუნდში დაამარცხა. ოლეგ ტაქტაროვის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, პიოტრ იანისა და ისლამ მახაჩევის შემდეგ, ანკალაევი რიგით მეხუთე რუსი მებრძოლია, რომელმაც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე როგორც პერეირამ, ასევე ანკალაევმა ისეთი კომენტარები გააკეთეს, რომ მათ შორის რემატჩი წესით და რიგით ძალიან მალე უნდა ვიხილოთ.

ალექს პერეირა

თავს ნორმალურად ვგრძნობ და დიდი დაზიანებები არ აღმენიშნება. ანკალაევმა რეალურად ჩემზე ზეწოლა მხოლოდ მეორე რაუნდში მოახდინა, ბრძოლისთვის განკუთვნილ დანარჩენ წუთებში კი ის მხოლოდ ჩემი გალიასთან მიმწყვდევით იყო დაკავებული.

ისევე როგორც ყველა სხვა მარცხი, ეს წაგებაც გამაძლიერებს, გარკვეულ კორექტივებს შევიტან და რევანშისთვის უფრო მომზადებული დავბრუნდები. ანაკალაევისთვისვე უმჯობესი იქნება, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებს.

მაგომედ ანკალაევი

საჩემპიონო ქამარს დიდი ხნის წინ ვიმსახურებდი, მაგრამ შანსი მხოლოდ ახლა მომცეს, რომელიც კარგად გამოვიყენე. ვფიქრობ, ეს ჩემი წონაა და თავის დროზე, სანამ ამ დივიზიონში ჩხუბობდა, ჯონ ჯონსის დამარცხებასაც შევძლებდი.

რევანში? მე ნებისმიერ მეტოქეს ნებისმიერ დროს დავუპირისპირდები თუ ეს UFC-ის ხელმძღვანელების სურვილი იქნება. პერეირასთან რემატჩისთვის მზად ვარ, მაგრამ იმედია იმ შეხვედრაში მაინც იჩხუბებს და გაქცევით არ იქნება დაკავებული. ვერ მივხვდი, რატომ არ სურდა მას დღეს ჩხუბი და სად გამირბოდა...

ცნობისათვის, ანკალაევი UFC-ში 2018 წლიდან ჩხუბობს და სხვა ოთხი რუსი ჩემპიონისგან განსხვავებით, ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი, 15 ბრძოლის ჩატარება დასჭირდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ქამრის მოპოვებამდე პიოტრ იანმა - 6, ხაბიბ ნურმაგომედოვმა - 9, ხოლო ისლამ მახაჩევმა 12 ბრძოლა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძარცველი იარაღით მოიგერია - მარლონ ვერას ინციდენტი
მძარცველი იარაღით მოიგერია - მარლონ ვერას ინციდენტი