„გუმერსბახის დატოვება მინდა“ | ცხოვრებაძეს მწვრთნელი აღარ ენდობა
13 და 16 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრებს გამართავს. ქართველი ხელბურთელების მეტოქე ჯერ თბილისში, შემდეგ კი სტუმრად ბოსნიის ეროვნული გუნდი იქნება. უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების წინ, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც იმედგაცრუებული მხოლოდ საკლუბო ამბებით არის და აღიარებს, რომ არცთუ წარმატებული პერიოდი უდგას, რაზეც გადაცემაში „სპორტი იმედზე“ დეტალურად ისაუბრა.
გიორგი ცხოვრებაძე
„გუმერსბახში“ ჩემი სადებიუტო სეზონი ძალიან კარგი იყო, რადგან კლუბმა ჩემთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპა ლიგაზე მოხვდა. გარდა ამისა, შარშან რამდენიმე ისეთ გუნდს ვაჯობეთ, რომელიც წლების მანძილზე არ გვყავდა დამარცხებული.
წელს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია - სეზონის სტარტზევე შევამჩნიე, რომ მთავარმა მწვრთნელმა თითქოს გვერდზე გამწია და მისგან ნდობას ვეღარ ვგრძნობ, რისი მიზეზიც სიმართლე გითხრათ არ ვიცი. აბსოლუტურად ყველაფერს ასი პროცენტით ვაკეთებ და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი შრომა სათანადოდ არ ფასდება, გამოვხატე საჯაროდ წასვლის სურვილი, რადგან ვთვლი, რომ გაცილებით მეტს ვიმსახურებ.
რაც შეეხება ბოსნიელებს - მართალია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისინი დავამარცხეთ, მაგრამ ჩემი აზრით ახლა უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ. ძალიან კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომელთა გარკვეული ნაწილი გერმანიის ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს. არ გვექნება მათთან მარტივი თამაშები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ნიკოლოზ კალანდაძის არყოფნა რა თქმა უნდა ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში უდიდესი სარგებელი მოაქვს. იმედი მაქვს მალე სრულად გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება.
გულშემატკივრის დასწრებას და ტრიბუნების შევსებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - სამწუხაროა, რომ ავსტრიელებთან მატჩს ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა და იქიდან გამომდინარე, რომ დასწრება თავისუფალია, იმედია ამჯერად გაცილებით მეტი ქომაგი გაგვამხნევებს.
რამდენად არის შესაძლებელი უახლოეს პერიოდში „გუმერსბახის“ დატოვება, ამაზე გიორგის კონკრეტული პასუხი არ აქვს, რადგან კლუბთან კიდევ 2-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. რაც შეეხება მოახლოებულ სანაკრებო მატჩებს, „თბილისი არენას“ დარბაზში საქართველო - ბოსნიის შეხვედრა 13 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.