ახლა პეპი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს | ფერდინანდმა გუარდიოლაზე ისაუბრა
„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა პეპ გუარდიოლაზე ისაუბრა. რიოს აზრით, ახლა პეპი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, კატალონიელს გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა სურს.
რიომ TNT Sports-თან ისაუბრა: „ახლა პეპი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე. მას სხვა მუსიკა არასდროს მოუსმენია, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსმენდა. მან არ იცის, ევროპა ლიგის ჰიმნი როგორია. არ ვფიქრობ, რომ ასეთი გუნდისგან ამას მოელოდნენ, იმ გამოცდილებისა და ხარისხის გათვალისწინებით, რაც „მან. სიტის'' აქვს''.
„ქალაქელები’’ პრემიერ ლიგის 28-ე ტურში „ნოტინგემთან’’ დამარცხდნენ (1:0) და ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, „ჩელსისა’’ და „ბრაიტონს’’ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ. შესაძლოა, პეპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩეს. თუ დღეს „ჩელსი'' შინ „ლესტერს მოუგებს, „მან. სიტის'' 2 ქულით გაუსწრებს.
„ნოტინგემთან'' მარცხის შემდეგ გუარდიოლამ მედიასთან განაცხადა: „ყოველ სეზონში პრემიერ ლიგა უკეთესი და უკეთესი ხდება. სეზონის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი, 10 ფინალი, თამაშები უნდა მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოვხვდეთ''.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „მან. სიტიმ’’ 28-დან მხოლოდ 14 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 9 დათმო.