ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„კვარა ყოველ ჯერზე უკეთ გამოიყურება“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „რენთან“ სტუმრად მოგებული მატჩი (4:1) შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

„ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ გუნდთან, რომელმაც პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა ამოცანა შესრულებულია. სეზონის დასაწყისიდან გუნდი კონკურენტუნარიანია, ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ და დღესაც ვაჩვენეთ ხასიათი. შევეცადეთ, ბალანსი გვეპოვნა იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც ლიგაზე 90 წუთი ითამაშეს და რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ეთმობათ.

დღევანდელმა მოგებამ „ლივერპულთან“ მატჩის წინ თავდაჯერებულობა შეგვმატა. „რენმა“ იმაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნა, ვიდრე ზოგიერთმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა ერთი ამოცანა გვაქვს - უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, ლივერპულთან მატჩს საუკეთესო ფორმაში ვხვდებით.

კვარა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემოგვიერთდა, თუმცა, ვფიქრობ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა, რომელსაც უნახავს მისი მატჩები საქართველოს ნაკრებში თუ „ნაპოლიში“, იცის მისი პოტენციალი. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდს აძლიერებს, თუმცა კიდევ დრო სჭირდება. ყოველ ჯერზე ის უკეთ გამოიყურება, უფრო ინტეგრირებულია გუნდში და როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს, მწვრთნელისთვის ეს დიდი პლუსია“.

ცნობისთვის, 25 მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 65 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის სათავეშია, პსჟ-ის უახლოეს მდევარს, „მარსელს“ კი 49 ქულა აქვს.

მომდევნო მატჩს პარიზელები „ენფილდზე“, „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართავენ და მერვედფინალის პირველ მატჩში განცდილი მარცხის მიუხედავად მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები