უოტფორდის დასანანი მარცხი - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა
ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „მილუოლს“ დაუპირისირდა და 1:2 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და ლოგიკურადაც დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე ანგარიში პალოკმა გახსნა.
მეორე ნახევარში „მილუოლმა“ მოედანზე სცენარი თავიდან ბოლომდე შეცვალა და ბურთზე კონტროლი დააწესა, რასაც მალევე გოლი მოჰყვა. 59-ე წუთზე დე ნორმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ „უოტფორდს“ არაფერი შეუცვლია, გუნდი უმწეოდ გამოიყურებოდა და საბოლოოდ 81-ე წუთზე ქობარნმა თავური დარტყმით ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, რა თქმა უნდა ძირითადში იყო და თავისი გუნდის მსგავსად მასაც კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, საგოლე პასთანაც ახლოს იყო. თუმცა მეორე ნახევარში ისიც ინერტული გახლდათ და საბოლოოდ მოედანზე ბევრი ვერაფერი შეცვალა.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე „უოტფორდისთვის“ დღევანდელი სამი ქულა უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ლონდონელებმა მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს და სავარაუდოდ საპლეიოფო ზონასთან ამ ტურის შემდეგ ჩამორჩენა გაიზრდება.
მომდევნო ტურში ტომ კლევერლის გუნდი კვლავ შინ ითამაშებს და მათი მეტოქე „სუონში“ იქნება. მატჩი 12 მარტს 23:45-ზე დაიწყება.