მე-4 საუკეთესო შედეგი - კომპანის მიღწევა ბაიერნში
ვენსან კომპანის, ბაიერნში დანიშვნის შემდეგ, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. გულშემატკივრები ბელგიელი სპეციალისტის მოღვაწეობით უკმაყოფილო არიან.
ამის პარალელურად კი კომპანიმ ბაიერნის ისტორიაში(21-ე საუკუნეში) ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ბუნდესლიგაში უკვე 24 ტური ჩატარდა და რეკორდმაისტერს 61 ქულა აქვს. ეს კი მე-4 საუკეთესო შედეგი გახლავთ.
მაგალითად, 2013/2014 წლების სეზონში, 24 ტურის შემდეგ, გერმანულ გიგანტს 68 ქულა ჰქონდა დაგროვებული, 2012/2013 წლებში 63, ხოლო 2015/2016 წლებში 62.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მომენტისთვის კომპანის გაწვრთნილი ბაიერნი მეორე ადგილზე მყოფ ლევერკუზენს 8 ქულით უსწრებს და უმაღლესი ალბათობით რეკორდმაისტერი ჩემპიონი გახდება.
ასევე, ბაიერნმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ. ვენსან კომპანის გუნდმა მერვედფინალის პირველ მატჩში ლევერკუზენის ბაიერს 3:0 მოუგო და განმეორებითი თამაშის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.