დე იონგი და ლევანდოვსკი რჩებიან - ბარსა ლიდერებს ინარჩუნებს
ფრენკი დე იონგთან და რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იწერება იმის თაობაზე, რომ „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუ სოუზამ 27 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა, სადაც დე იონგს ახალი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება და ყოველწლიურ ხელფასად 18 მილიონი ევროს დანიშვნა შესთავაზა.
სამუშაო შეხვედრებია ჩანიშნული ლევანდოვსკის აგენტთანაც - პოლონელ ფორვარდს კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში უსრულდება და მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება იგეგმება, თუმცა პარალელურად, ვეტერან ფორვარდს აყენებენ საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ მის შემცვლელს დაიმატებენ და ძველებურად მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აღარ ექნება.
დე იონგმა ჰანსი ფლიკის ნდობა ბოლო თვეებში მოიპოვა და ძირითად შემადგენლობაში დაკარგული ადგილი დაიბრუნა. რაც შეეხება ლევანდოვსკის, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში უკვე 34 გოლია, რაც რობერტის ასაკის კვალობაზე, მართლაც ბრწყინვალე შედეგია.