მარტში გაუშვებენ - კონსეისაუს დრო იწურება
სერჟიო კონსეისაუმ „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობა 2024 წლის დეკემბერში მართლაც ფანტასტიურად დაიწყო და დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, მთავარი მეტოქეების, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ დამარცხების შემდეგ, გუნდს იტალიის სუპერ თასი მოაგებინა. თუმცა, ბოლო პერიოდში პორტუგალიელი სპეციალისტის საქმეები კარგად ნამდვილად ვერ მიდის - ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, როსონერი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ჩემპიონატში იმდენად ცუდად გამოიყურება, რომ არათუ ჩემპიონობისთვის, არამედ ოთხეულში მოხვედრისთვის ბრძოლაც უჭირს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, საფუძველსმოკლებული არ უნდა იყოს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კონსეისაუს პოსტს მარტის სანაკრებო პაუზამდე დაატოვებინებენ. სკირას თქმით, თუ მომდევნო ორ ტურში „ლეჩესთან“ და „კომოსთან“ გასამართი მატჩებიდან შავ-წითლებმა ერთში მაინც დაკარგეს ქულები, კონსეისასუს მაშინვე კარისკენ მიუთითებენ.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ყალბი ინფორმაციის პრესისთვის მიწოდებისთვის „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პრეს-მდივანი გადადგა. იქამდე კი კონსეისაუს ურთიერთობა გუნდის ერთ-ერთ წამყვან მცველთან, დავიდე კალაბრიასთან დაეძაბა, რომელსაც სიტყვიერად მოედანზე, ყველას თვალწინ დაუპირისპირდა.