ტექნიკური ნოკაუტით დასრულდება - ვოლკანოვსკის პროგნოზი
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი სულ მალე ოქტაგონზე ისევ გამოჩნდება და საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას დიეგო ლოპესთან შეხვედრაში შეეცდება. თავის მომავალ მეტოქესთან ჩხუბისთვის მომზადების პარალელურად, UFC-ის ავსტრალიელი ლეგენდა სხვა დაპირისპირებებზე პროგნოზების გასაკეთებლადაც იცლის და ამჯერად საკუთარი მოსაზრება ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევის შეხვედრასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც კვირას გამთენიისას, UFC 313-ის მთავარი მოვლენა იქნება.
რას ამბობს ვოლკანოვსკი
ახლა პერეირა ადრინდელთან შედარებით გრეპლინგის, თეიქდაუნისგან თავდაცვის და სხვა ბრძოლის სხვა ასპექტების დროს კიდევ უფრო ძლიერია. ანკალაევი არაჩვეულებრივი მებრძოლია, რომლის არსენალშიც უამრავი რამ შედის და ფეხებითაც კარგად მუშაობს. რაც შეეხება ფავორიტის დასახელებას, უფრო პერეირასკენ ვიხრები, რომელიც მოწინააღმდეგეს დააფინიშებს, თუმცა ეს ნაადრევად არ მოხდება. უფრო მგონია, ბრაზილიელი ბრძოლას მეორე, ან მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაასრულებს.
თუ UFC 313-ის მთავარი მოვლენა პერეირა-ანკალაევის ჩხუბია, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მომდევნო, UFC 314-ის საჩემპიონო ჩხუბის მონაწილე სწორედ ვოლკანოვსკი იქნება და ტიტულის დაბრუნებას დიეგო ლოპესის დამარცხების შემთხვევაში შეძლებს.