„ჩემი ნებით რეალიდან არასოდეს წავალ, ეს პერესმა უნდა გადაწყვიტოს“ - ანჩელოტი
კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
რა თქვა ანჩელოტიმ:
„მე თანამდებობას ჩემი ნებით არასოდეს დავტოვებ, ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს.
„რეალი“ უნიკალური კლუბია, რომელსაც წევრები ფლობენ. „რეალს“ არ ჰყავს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც კლუბში საკუთარ ფულს დებს. ფლორენტინო პერესი საკუთარ თავზე მხოლოდ შესაძლო ზარალს იღებს.
„სამეფო“ კლუბის ფასეულობები ეჭვგარეშეა - აქ არასოდეს იქნება ფეხბურთელი, რომელიც კლუბზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება“.
ესპანური მედიის ცნობით, „რეალმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ხაბი ალონსოსთან. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობაში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ „ლევერკუზენის“ ამჟამინდელი მწვრთნელის თაოსნობით „ბლანკოსს“ მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ამას ანჩელოტის მწვრთნელობისას აღწევს.
ამასთანავე, კარლო ანჩელოტის კლუბში დარჩენა სურს და დიდი ალბათობით, თუ „რეალი“ ლა ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მადრიდელებს მომდევნო სეზონშიც გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი გაწვრთნის.