„ეს მკრეხელობაა! ის კვარას ვერ შეცვლის“ - ფედელე ნაპოლის აკრიტიკებს
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ, „ნაპოლის“ თამაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ანტონიო კონტეს გუნდის პრობლემების შესახებ ისაუბრა.
ფედელემ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ ახსენა და დავიდ ნერეშის მასთან შედარებას მკრეხელობა უწოდა.
„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ნაპოლის უფრო მეტი მომენტის შექმნა და გოლის გატანა სჭირდება. ეს მათი მთავარი პრობლემაა. რომელუ ლუკაკუ გასული სეზონის საშუალო მაჩვენებლის გვიჩვენებს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ყოველთვის ჰყავდა გვერდით მეორე ფორვარდი, რომელიც ბალანსს ქმნიდა, მაგალითად ლაუტარო მარტინესი და პაულო დიბალა. ახლა მას ვინ ჰყავს? რასპადორი? ჯაკომოს გოლი ყოველ 240 წუთში ერთხელ გააქვს, ეს არ არის საკმარისი.
რა ვარიანტები გვაქვს კიდევ? დავიდ ნერეში მომენტებს დრიბლინგის შედეგად ქმნის, ის სხვა სტილის მოთამაშეა, უფრო ფლანგიდან მოქმედებს და ბურთი სულ ფეხებში აქვს. ასევე არის ნოა ოკაფორი. ნერეშს მე მძინარე მზეთუნახავს ვეძახი, რომელიც ტყეში იმყოფება, ხოლო ოკაფორს ოქსფორდს...
ამბობენ, რომ ნერეში კვარაცხელიას შემცვლელია? კი მაგრამ სად? ეს მკრეხელობაა! კვარა ყოველთვის ქმნიდა მომენტებს, თამაშს ამწვავებდა, ეს კი ნაპოლიში ამჟამად მყოფ სხვა მოთამაშეს არ შეუძლია!“
- განაცხადა ფედელემ Radio Marte-ს ეთერში.
ანტონიო კონტემ ბოლო დროს კრიზისის დასაძლევად ტაქტიკურად რამდენიმე სიახლე სცადა და გუნდი 3-5-2 სქემაზე გადააწყო, სადაც თავდასხმაში ლუკაკუს ჯაკომო რასპადორი შეუწყვილა. ეს იტალიელი შემტევისთვის იდეალური სქემა და პოზიციაა, მაგრამ ამან შედეგი მაინც არ გამოიღო და გუნდი კვლავ 4-3-3-ს დაუბრუნდა.
ამჟამად „ნაპოლი“ (57) „ინტერს“ (58) ერთი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. მათ 55 ქულით „ატალანტა“ მისდევს.