ევროპა ლიგა: მიქაუტაძის კარგი მატჩი - ლიონმა სტიაუა დაამარცხა
ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ბუქარესტში „სტიაუას“ 3:1 მოუგო და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მიქაუტაძემ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე საუკეთესო იყო. ჟორჟმა ჯამში 68 წუთი ითამაშა. 30-ე წუთზე კი ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა და ტალიაფიკოს გაატანინა. გარდა ამისა, ქართველმა ფორვარდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა არ გაუმართლა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მასპინძლებმა 68-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მაგრამ ცვლილებაზე შესულმა ფოფანამ 86-ე და 89-ე წუთებზე შერკის პასებით დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა.
„ლიონი“ განმეორებით შეხვედრას ზუსტად ერთ კვირაში საკუთარ მოედანზე გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალურ სტადიაზე „სოსიედადსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გასულს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ესპანურ-ინგლისური მატჩი პარალელურად დასრულდა და სან სებასტიანში ფრე 1:1 დაფიქსირდა.