გოჩოლეიშვილის შეცდომას გოლი მოჰყვა | ჩელსიმ კოპენჰაგენს სტუმრად მოუგო
უეფას კონფერენს ლიგის მერვედფინალში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენის“ მეტოქე „ჩელსი“ გახლავთ. პირველი შეხვედრა დანიაში გაიმართა და „არისტოკრატებმა“ სტუმრად 2:1 მოიგეს.
მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე, 0:0 დასრულდა. „ლურჯები“ მეორე ნახევრის სტარტზე დაწინაურდნენ. მარკ კუკურელიას გადაცემით რის ჯეიმსმა ისარგებლა და „კოპენჰაგენის“ კარი შორეული დარტყმით აიღო - 1:0.
65-ე წუთზე, ლონდონელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. გოჩოლეიშვილმა ფლანგზე ბურთი დაკარგა, რის წყალობითაც, „ჩელსიმ“ კონტშეტევა წამოიწყო, რომელიც ენცო ფერნანდესმა დააგვირგვინა. „კოპენჰაგენმა“ ჩამორჩენა მე-80 წუთზე შეამცირა და საბოლოო ანგარიში გაბრიელ პერეირამ დააფიქსირა - 1:2.
გოჩოლეიშვილმა მოედანზე 70 წუთი გაატარა. გიორგი ბურთს 34-ჯერ შეეხო, 19-დან 14 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 5-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, 1 სახიფათო მომენტი განმუხტა და 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. გეტყვით იმასაც, რომ ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.