რატომ იყიდეს მამარდაშვილი | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის მოსაზრება
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ლოურენსონმა, რომელსაც „წითლების“ მაისურით 200-ზე მეტი მატჩი აქვს გამართული, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ლოურენსონი ალისონ ბეკერის მიერ „პარი სენ-ჟერმენთან“ ნაჩვენებ თამაშს გამოეხმაურა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც, მისი აზრით, „ლივერპულმა“ „მამარდა“ შეიძინა.
„მაქვს შეგრძნება, რომ მიზეზი, რის გამოც ლივერპულმა მამარდაშვილი იყიდა, ისაა, რომ ზაფხულში, ალისონი გუნდიდან მიდის. ვფიქრობ, ის წასვლას მოისურვებს და კელეჰერი და მამარდაშვილი პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებენ.
ალისონი 32 წლისაა და ჩემი აზრით, კარიერის დასრულებამდე, შეეცდება მოძებნოს კლუბი, რომელიც უზარმაზარ ხელფასს გადაუხდის. მსოფლიოს ყველა კლუბს ენდომება მისი გაფორმება და თუ ალისონის სანაცვლოდ, ლივერპულმა დიდი თანხა მიიღო, მაშინ ყველასთვის სარფიანი გარიგება გამოდგება“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ალისონმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა. ბრაზილიელი მეკარე შეუდარებელი იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მისმა გუნდმა კი 1:0 იმარჯვა.