„საოცარი გოლი გაიტანა, სამწუხაროა, რომ გაუქმდა“ | დელ პიერო ხვიჩაზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ ხვდება. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და ფრანგთა უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, „წითლებმა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს.
მატჩის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო „კვარას“ ეპიზოდს გამოეხმაურა. ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა და დელ პიერომ სწორედ ამ მომენტზე ისაუბრა.
„დასანანია, რომ გაუქმდა და ეს სასაცილოა. დაუჯერებელია, რომ ასეთ მარგინალურ გადაწყვეტილებას უსტვენენ. კვარაცხელიამ საოცარი გოლი გაიტანა. ბურთი იდეალურად გააკონტროლა, რათა დასარტყმელად საკმარისი სივრცე ჰქონოდა. ზუსტად იცოდა, კარი სად იყო და მომენტი იდეალურად შეარჩია. სამწუხაროა, რომ გაუქმდა, რადგან ლამაზი გოლი იყო“.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში პსჟ-ს 27 დარტყმა ჰქონდა, ალისონი კი 9 მოგერიებით მატჩის MVP-დ დასახელდა. ერთადერთი დარტყმა, რომელსაც ალისონმა ვერაფერი მოუხერხა, კვარაცხელიას ეკუთვნოდა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 11 მარტს გაიმართება.