ანდერსონ სილვა MMA-ში დაბრუნებაზე: ბრძოლები ჯერ არ დამისრულებია
ანდერსონ სილვამ, რომელიც UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, გალიაში შესაძლო დაბრუნებაზე ილაპარაკა.
49 წლის ბრაზილიელის თქმით, ის პენსიაზე გასვლას არ აპირებს.
„ფიზიკურ ვარჯიშებს ყოველ დღე ვასრულებ. კვირაში ორჯერ ჯიუ-ჯიცუთი ვარ დაკავებული, გუშინ კი კრივში ვივარჯიშე. ვსწავლობ მუაი ტაის უნარებს. გსმენიათ სპეცრაზმზე? ასეთ რეჟიმში ვცხოვრობ. ყოველთვის მზად ვარ. მხოლოდ რამდენიმე რამ მაკლია: ჩხუბის ჩატარების ადგილი, მეტოქის სახელი და ინფორმაცია წონაზე. ყოველ დღე ვვარჯიშობ, ბრძოლები ჯერ არ დამისრულებია“, - თქვა სილვამ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს 2457 დღის განმავლობაში ფლობდა, რაც დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია.
„ობობამ“ ტიტული 10-ჯერ დაიცვა და ამ კატეგორიაში (UFC იგულისხმება) მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ მებრძოლს - დემეტრიუს ჯონსონს აქვს.
ბოლო ჩხუბი სილვას 2020 წლის შემოდგომაზე ჰქონდა და იურაია ჰოლისთან წააგო.