სიღარიბე, ალკოჰოლიზმი და ღამის ცხოვრება - ალექს პერეირას განვლილი გზა
9 მარტს, თბილისის დროით გამთენიისას, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იქნება მიპყრობილი - UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ალექს პერეირა საჩემპიონო ტიტულის დაცვას მაგომედ ანკალაევთან შეხვედრაში შეეცდება. ბრაზილიურ-დაღესტნურ დაპირისპირებას წინ არაერთი სკანდალური ფაქტი უძღვოდა - ალექსის მიერ შეთავაზებული ნიძლავი, რომელზეც მაგომედმა უარი თქვა, ანკალაევის ხმამაღალი და ამბიციური განცხადებები და პერეირას მხილება მოჰყვა, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ დაღესტნელი არ მარხულობს და ხალხს ატყუებს, რათა წაგების შემთხვევაში თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდეს.
ალექსი ამჟამად არამხოლოდ თავისი დივიზიონის, არამედ მთლიანად UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, თუმცა ისევე როგორც სხვა ჩემპიონების შემთხვევაში, მისი ისტორიაც საკმაოდ ბევრი სირთულეებით არის გაჯერებული, რომელთა დაძლევამაც სამხრეთ ამერიკელი დიდების მწვერვალზე აიყვანა.
დაიბადა საკმაოდ ღარიბ ოჯახში და ადრეული ასაკიდანვე ფაველებში დადიოდა, რის შედეგადაც 12 წლის ასაკში სკოლიდან გამოვიდა და ვულკანიზაციაში მუშაობა დაიწყო. ახლა ალექსი ნამდვილ სპორტსმენს ჰგავს - თითქმის ორი მეტრი სიმაღლისაა, სრულყოფილი კუნთებით და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მისი სხეული ქვისგან არის გაკეთებული. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო და ბავშვობაში ალკოჰოლიზმითაც კი იტანჯებოდა.
ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში პერეირა მოხვდა ზრდასრული მამაკაცების კამპანიაში, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა. უკვე 13 წლის ალექსი თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიურად რომს სვამდა: „12 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ სკოლაში სიარული ჩემი საქმე არ იყო. ვიშოვე სამსახური საბურავების მაღაზიაში, რომელიც კლიენტებს მექანიკურ მომსახურებასაც სთავაზობდა. ზეთსა და ტალახში ჩაფლულ საბურავებს დღეში 10 საათი ვუტრიალებდი, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი თანამშრომლებთან ერთად ბრაზილიური შაქრის ლერწმისგან დამზადებულ რომს ვსვამდი“ - იხსენებს ბრაზილიელი სპორტსმენი.
16 წლის ასაკიდან დღეში 1 ლიტრ რომს მიირთმევდა და ხანდახან ლუდსაც აყოლებდა. თანდათან ნამდვილ ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანად ჩამოყალიბდა, რომელიც სამსახურის დასრულების შემდეგ დალევას ბარებსა და ღამის კლუბებში აგრძელებდა. რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ფიზიკური შეხლა-შემოხლა უფრო ხშირად მოსდიოდა. ძირითად შემთხვევებში ჩხუბი მის სასარგებლოდ სრულდებოდა, რის შემდეგაც თავში იდეა მოუვიდა, ამით ფული ეშოვა და 21 წლის ასაკში კიკბოქსინგზე შევიდა, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
სპორტის ამ სახეობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ალექსს დალევა წუთითაც არ შეუწყვიტავს. სამწლიანი ვარჯიშის შემდეგ, 2012 წელს ის ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, თანაც იმის ფონზე, რომ ისევ ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ერთ დღეს პერეირამ შეისწავლა თავისი გენეალოგია და აღმოაჩინა, რომ სუფთა სისხლის ბრაზილიელი იყო, ყოველგვარი აფრიკული და ევროპული ფესვების გარეშე, რამაც როგორც თვითონ აცხადებს, საკუთარი სამშობლო კიდევ უფრო შეაყვარა და გადაწყვიტა ბრაზილიის ცნობადობის გაზრდაში თავისი წვლილიც შეეტანა.
გაირკვა, რომ პერეირას ორივე მშობელი იმ ადგილობრივი ტომების შთამომავალი იყო, რომლებიც ბრაზილიის მიწაზე უცხოელების ჩასვლამდე ცხოვრობდნენ და ყველა ის მებრძოლი, რომელიც მასთან ერთად კიკბოქსინგზე ვარჯიშობდა, ნამდვილი ბრაზილიელი იყო. ამ ყველაფრით უზომოდ ამაყმა საკუთარი წარმოშობა კიდევ უფრო კარგად შეისწავლა და მეტსახელიც იმ პერიოდში დაირქვა - Po Atan. Po ნიშნავს ხელს და Atan – ქვის მსგავს მკვრივ და ძლიერ მასას. სწორედ ასეთი შემართება დაეხმარა ალკოჰოლიზმისგან თავის დაღწევაში. საუბრობდნენ იმაზეც, რომ სხვანაირი აზროვნება მან ისლამის მიღების გამო დაიწყო, თუმცა თავას ალექსს ეს არასოდეს დაუდასტურებია.
ასეა თუ ისე, 38 წლის ასაკში პერეირას ყველა სირთულე უკან აქვს მოტოვებული და ახლა UFC-ის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ითვლება. თუმცა, მოპოვებული ტიტულებისა და დიდების მწვერვალზე ასვლის მიუხედავად, ის საერთოდ არ შეცვლილა და ხშირად სტუმრობს იმ ვულკანიზაციას, სადაც ბავშვობაში მუშაობდა და სოციალური ქსელის საშუალებით ფოტოებს ტვირთავს. ასე რომ, თუ ადრე სხვისი ავტომობილის საბურავებით მომარაგებაზე ზრუნავდა, ახლა თავად მოძრაობს საოცარი „მაკლარენით“, რომელსაც ამშვენებს წარწერა - POATAN.
ალექსი მუდამ ამაყობს იმ ურთულესი გზის გავლით, რაც აქამდე მოსასვლელად დასჭირდა და ამაზე ყურადღებას სოციალური ქსელის საშუალებით არაერთხელ ამახვილებს. მაგალითად აღნიშნავს, რომ პირველი ჰონორარით მშობლებს მდიდრული სახლი უყიდა, საკუთარ ინსტაგრამზე კი დადო დედ-მამის ძველი სახლის ფოტო, სადაც რამდენიმე წლის წინ სადილობდა და ასევე ატვირთულია ახალი ბინის სურათი, რომელიც მართლაც რომ ძალიან კომფორტულია.
პერეირა დაქორწინებული იყო და ჰყავს ორი შვილი - ალესანდრო ვიდალ სილვა და ლოხან ვიდალ სილვა. ის იხსენებს, რომ როდესაც შვილები პატარები ჰყავდა, მათი საფენის საყიდელი ფული არ გააჩნდა, ახლა კი ყველაფერი იდეალურად არის, ბიჭები მამასთან ბევრ დროს ატარებენ, ხშირად სპარინგობენ და შობის დღესასწაული ერთად აღნიშნეს.
ალექსს სამსახიობო გამოცდილებაც გააჩნია - 2024 წლის ოქტომბერში მან მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდის ბლოკბასტერში „თავდასხმა“, სადაც ულამაზეს ადრია არიონასთან ერთად თამაშობდა. პერეირა პერიოდულაად ასრულებს ანაკონდას სტილის დარტყმებს, მთელი ფილმის განმავლობაში ხმას არ იღებს და ბოლოს ამბობს ერთ სიტყვას: „შამა“.
ბრაზილიელი საკმაოდ მეგობრული ადამიანია - ის ყოფილ მეტოქეს შონ სტრიკლენდს დრიკუს დუ პლესისთან სატიტულო ორთაბრძოლისთვის მომზადებაში ეხმარებოდა და მისი სეკუნდანტის ფუნქციებიც შეითავსა. რამდენიმე დღის წინ კი, ანალოგიური სახის დახმარება ნასურდინ იმამოვთან ნოკაუტით დამარცხებულ ისრაელ ადესანიასაც შესთავაზა, რომელსაც კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას.
ალექსი გვერდში უდგას თავის დას ალინას, რომელმაც კარატისტობა იმ უბრალო მიზეზის გამო დაიწყო, რომ კურიერის ხელფასი არ ჰყოფნიდა, ძმისთვის ფულის გამორთმევა კი არ სურდა. პერეირა რამდენიმე კვირის წინ დაესწრო დის ჩხუბს და შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ჩაეხუტა.
შეკითხვაზე, თუ ვისთან სურს სამომავლოდ დაპირისპირება, ალექს პერეირამ უკრაინელი მოკრივე ალექსანდრ უსიკი დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას მხოლოდ UFC-სთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ აპირებს.