ძირითადი მცველი დააბრუნა - სიახლე სომხეთის ნაკრებში
20 და 23 მარტს, სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში დაუპირისპირდებიან. ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის მოწინააღმდეგეს მთავარი მწვრთნელი სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ დაუნიშნეს და ქართველებთან სათამაშოდ მათ ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვან’ტ სხიპი მოამზადებს, რომელიც ნიდერლანდური ფეხბურთის ოქროს თაობის წარმომადგენელი იყო და 1988 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
ვან’ტ სხიპს მომავალი პრინციპული მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუმცა ერთი რამ უკვე ცხადია - ხორვატიის კლუბმა „ოსიეკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ 22 წლის მცველს სტეპ მკრტჩიანს სომხეთის ნაკრების ახალი დამრიგებელი დაუკავშირდა და მომავალი თამაშებისთვის სათანადოდ მომზადება სთხოვა. მრტკიჩიანმა ბოლო ექვსი სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ოპტიმალურ კონდიციებშია შესული და წლევანდელ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატში ექვსი მატჩი გამართა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრების ახალი თავკაცი გიორგი მიქაუტაძის ძველი და არცთუ კარგი ნაცნობია - ის გარკვეული პერიოდი „აიაქსში“ ქართველ ფორვარდს ავარჯიშებდა და თამაშის საშუალებას იშვიათად აძლევდა.