3-თვიანი სვლა შეჩერდა - ბაიერნის შემდეგ ლივერპული
„პარკ დე პრენსზე“ გამართულ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში „ლივერპულთან“ (0:1) განცდილი მარცხით „პარი სენ-ჟერმენმა“ არამხოლოდ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები შეიმცირა, არამედ ყველა ტურნირზე 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ლუის ენრიკეს მომზადებული პარიზული კლუბის ბოლო მარცხი 2024 წლის 27 ნოემბრით თარიღდებოდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში მიუნხენში „ბაიერნთან“ (0:1) წააგეს. ამ შეხვედრაში განცდილი წარუმატებლობა მეტწილად უსმან დემბელეს გაძევებამ განაპირობა, რის გამოც ფრანგ ფეხბურთელს რამდენიმე კვირის განმავლობაში მთავარ მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და რამდენჯერმე თადარიგშიც დარჩა. მას შემდეგ პარიზელებმა „ლივერპულთან“ დაპირისპირებამდე არც ერთი თამაში არ წააგეს, ბოლო 10 მატჩიდან კი ათივე მოგებული ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, როდესაც მეტოქის კარისკენ 28-ჯერ დაარტყამ და გოლს ვერ გაიტან, ეს კრიზისის დაწყების მომასწავებელი კი არა, უფრო მეტად საშინელი უიღბლობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მარცხით ენრიკეს გუნდმა მდგომარეობა საკმაოდ გაირთულა. „ლივერპულთან“ საპასუხო თამაში სამშაბათს, „ენფილდ როუდზეა“ დაგეგმილი, თუმცა იქამდე პსჟ-ის შიდა პირველობაზე „რენთან“ საგარეო მატჩი ელის, სადაც შესაძლოა ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა პრიორიტეტულია, თუმცა ენრიკეს მთელი გუნდის დასვენება მაინც არ გამოუვა, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა ლიგა 1-შიც ეკისრება - „სენ-ჟერმენი“ ტოპ 5-ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა და „რენთან“, თანაც სტუმრად ძალების დაზოგვით დადებითი შედეგის მიღწევა იოლი არ იქნება და მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ერთადერთი წაუგებელი გუნდის სახელი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.