30 მილიონი დაუჯდათ, თუმცა... - კითხვის ნიშნები მამარდაშვილზე
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ლივერპულის“ გუშინდელ შეხვედრაში ალისონ ბეკერის ბრწყინვალე ასპარეზობას ინგლისურ სპორტულ პრესაში სათანადო გამოხმაურება რომ მოჰყვებოდა, ამის შესახებ ყველას კარგად მოეხსენებოდა. ბეკერის მისამართით კომპლიმენტებს არამხოლოდ თანაგუნდელები და მთავარი მწვრთნელი, არამედ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედია-საშუალებებიც არ იშურებდნენ და „ლივერპულის“ გამარჯვებაში მთავარ მოქმედ პირად თვლიდნენ. Anfield Watches-ს ვებ-გვერდზე კი, ალისონის თამაშის შეფასების გარდა, პარალელები გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან გაავლეს.
რას წერენ მამარდაშვილზე
30 მილიონ ევროს რომ გადაიხდი რომელიმე მეკარის სანაცვლოდ, თუ ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებ, სამომავლოდ მაინც ამყარებ მასზე იმედებს. თუმცა, ახლა ალისონი ისეთ ფორმაშია, რომ ვინც არ უნდა მოდიოდეს მის კონკურენტად, ბრაზილიელის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ნამდვილი უსამართლობა იქნება.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მამარდაშვილის იჯარით რომელიმე გუნდში გაშვებაა, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ გიორგი ინგლისურს ინტენსიურად სწავლობს და „ლივერპულისთვის“ მაქსიმალურად ემზადება. ასეა თუ ისეა, მერსისაიდულ გრანდში მოვლენები უკვე წინასასეზონო შეკრებიდან საინტერესოდ განვითარდება, რადგან მეკარეებს მთავარი მწვრთნელისთვის ბევრი რამ ექნებათ დასამტკიცებელი.
შეგახსენებთ, რომ ალისონისა და მამარდაშვილის გარდა, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის განკარგულებაში კაიომჰინ კელეჰერის სახით კიდევ ერთი მაღალი დონის გოლკიპერი იქნება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ირლანდიელი „ენფილდ როუდის“ დატოვებას გეგმავს.